სესხები

ყველაზე მაღალი ტემპით მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა იზრდება

მშენებარე პორტა ბათუმი თაუერი
facebook.com/PortaBatumiTower

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტორების მიხედვით ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წელს ყველაზე მაღალი ტემპებით მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა იზრდება. 

2015 წელთან შედარებით მშენებლობაზე გაცემული სესხების მოცულობა 200 მილიონი ლარით (42%-ით) არის გაზრდილი და ის 674 მილიონ ლარს შეადგენს (2016 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით. ასევე გაზრდილია მშენებლობის სექტორის მთლიანი ფინანსური ბრუნვაც. საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში სექტორის ბრუნვამ 497 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს 25%-ით აღემატება. რაც შეეხება სექტორით უცხოელთა დაინტერესებას, საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ კვარტალში უცხოური კომპანიებისა და ფიიზკური პირების მიერ ინვესტიციების სახით მშენებლობის სექტორში $19 მილიონი ჩაიდო, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებს 24%-ით ჩამორჩება. 

საერთო ჯამში საქართველოს ეკონომიკაზე კომერციულ ბანკებს 15.8 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული. ამ თანხის უმეტესი ნაწილი 8 მილიარდი ლარი შინამეურნეობებზე მოდის. შემდეგ ადგილებს ვაჭრობა (2 მილიარდი ლარი), მრეწველობა (1.8 მილიარდი ლარი), მშენებლობა (674 მილიონი ლარი) და ფინანსური შუამავლობა (569 მილიონი ლარი) იკავებენ.

კომენტარები