ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარა

ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე, ახმეტის რაიონის სოფ. დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვახტანგ ხ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია. აღნიშნულ ფაქტზე სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით და იმავე დღეს დადგინდა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ტერორისტული აქტის ქმედების ჩადენის მუქარის ავტორი - ვახტანგ ხ. დაკითხვის პროცესში, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.“- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს  საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები