თამარ ივერი ჰომოფობიურ სკანდალში

კინწურაშვილი: თამარ ივერი სისხლისღვრით იმუქრება და არც ჰომოფობიისგან განიკურნა

Facebook/Davit Kintsurashvili

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი ხელისუფლებას, სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს მიმართავს და საოპერო მომღერალ თამარ ივერს სიძულვილის ენასა და ჰომოფობიაში ადანაშაულებს.

„მივმართავ ქვეყნის ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში:
უკვე დიდი ხანია, სახელგანთქმული მომღერალი თამარ ივერი სიძულვილის ენით საუბრობს. ახლა კი მისმა მოწოდებებმა კულმინაციას მიაღწია. ქალბატონი ივერი სისხლისღვრით იმუქრება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არც ჰომოფობიისგან განკურნებულა", - წერს დავით კინწურაშვილი Facebook-ზე.

დავით კინწურაშვილის ეს განცხადება თამარ ივერის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ წერილს ეხება, სადაც იგი კულტურის მინისტრს მიმართავს და სთხოვს, რომ კინწურაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. თამარ ივერი წერილში კინწურაშვილს „უკურნებელ სიმსივნედ" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ თუ იგი არ გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, იქნება „საკაცეები და სისხლისღვრა" და საზოგადოებაში საპროტესტო ტალღა გაათმაგდება.

„ხალხნო,სიმსივნეს ქიმიოთერაპიით თუ დასხივებით იშორებენ....რით ვერ მოიშორა თბილისის ოპერამ მიუწვდომელი მეტასტაზასავით ეს ადამიანი??? დასმა სრული უმრავლესობით გადააყენა,აფიშებზე მისი სახელი სკოჩით გადაფარა და თავის "მოსაბრუნებლად", გამოცოცხლებული ბუზივით, კიდევ მისი იურისტების მიერ შეთითხნილი სტატუსებით მოძღვრავს დასს და "წკავწკავით" სთხოვს კულტურის სამინისტროს მის გადარჩენას.
რა გაუჭირდა ასეთი ბატონ მინისტრს რომ მისი ერთი ხელის მოწერით დაუსვას წერტილი ოპერის თეატრის ორგანიზმის ამ უკურნებელი სიმსივნისგან განკურნებას. თუ ამ სიმსივნემ უნდა შეიწიროს მართლაც თეატრის ორგანიზმი?? დაიღალა დასი, დაიტანჯა, შეარგოს რა სეზონის დახურვის ზეიმი. უკვე რაღაც მარაზმში და ტრაგიკომედიაში გადადის ეს ყველაფერი. დავიწყოთ ხვალიდან კიდევ მიტინგები თუ??? მაშინ, დასის ყველა წევრი იყიდის კილო სოდას და მოაფრქვევს სამხატვრო ხელმძღვანელის კაბინეტში..... ამბობენ სიმსივნეს სოდის ეშინიაო..... ეს ხუმრობით მაგრამ.... კარგით რა, მოაწერეთ ბოლობოლო ხელი მის გათავისუფლებას, შეელიეთ როგორმე ამ ადამიანს და მშვიდობიანად დაასრულეთ მისი ეპოქა ამ თეატრში... თუ მაინცდამაინც კიდევ საკაცეები და უკვე სისხლის ღვრის ნახვა გსურთ?? ყველამ მშვენივრად ვიცით პროფესიონალი იურისტებისგან, რომ არანაირი იურიდიული პროცედურები არ სჭირდება სამინისტროს მხრიდან სამხატვრო ხელმძღვანელის გადაყენებას... ჩვენც გაგვეგება რაღაც იურისპრუდენციაში და ჩვენც შეგვიძლია გაკითხვა. ამ მართლაცდა 2 წუთის ამბავს ნუ გადააყოლეთ დასი, თორემ ხვალიდან მათგან პროტესტის ათმაგად უფრო დიდ ტალღას მიიღებთ და საზოგადოებაში მისი ასეთი თავგანწირული მფარველობისთვის თქვენს იმიჯსაც შეილახავთ!!!!" - წერს თამარ ივერი.

თამარ ივერს აღნიშნული განცხადების კომენტარებში მეგობარმა დაუწერა: „კაცის კიბო უფრო იშორებს, ვიდრე თეატრის „ხაზეინს"... გააგდეთ, რატომ ელოლიავებიან????? ორიენტაციას ხომ არ უჩივის?????"

მეგობრის კომენტარს კი თამარ ივერმა უპასუხა: „ეგ ბოლო ჩაგეთვალა".

ცნობისათვის, 2014 წელს ოპერა ავსტრალიამ თამარ ივერს კონტრაქტი შეუწყვიტა. ამის მიზეზი მის მიერ LGBT ადამიანების მისამართით გაკეთებული განცხადებაა, სადაც ოპერის მომღერალმა LGBT საზოგადოება ფეკალურ მასებს შეადარა. ოპერა ავსტრალიის წარმომადგენლებმა ივერის განცხადებას "ძალიან არაკორექტული" უწოდეს. ასევე, თამარ ივერი ბრიუსელის სახლმაც ერთ-ერთი დადგმიდან გაუშვა.

ამის შემდეგ თამარ ივერმა Facebook წერილში განმარტა, თუ როგორ მოხვდა ჰომოფობიური პოსტი მის ოფიციალურ გვერდზე. მისი თქმით, 17 მაისს გეი აღლუმს უნდა ჩაევლო თბილისში მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოს წინ, იმავე დღეს და იმავე დროს, როდესაც იქ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ მის გარდა Facebook-ის იგივე გვერდს იყენებს მისი მეუღლეც, რომელიც ძალიან რელიგიური ადამიანია და სწორედ მან დაწერა LGBT ხალხის შეურაცხმყოფელი პოსტი.

კომენტარები