თამარ ივერი ჰომოფობიურ სკანდალში

ჰომოფობიური განცხადების გამო თამარ ივერს ოპერა ავსტრალიამ კონტრაქტი შეუწყვიტა

თამარ ივერი
operanews.com

ოპერა ავსტრალიამ თამარ ივერს კონტრაქტი შეუწყვიტა. ამის მიზეზი ერთი წლის წინ LGBT ადამიანების მისამართით გაკეთებული განცხადებაა, სადაც ოპერის მომღერალმა LGBT საზოგადოება ფეკალურ მასებს შეადარა. ოპერა ავსტრალიის წარმომადგენლებმა ივერის განცხადებას ”ძალიან არაკორექტული” უწოდეს.

სოციალური მედია საშუალებებით ოპერა ავსტრალიის გადაწყვეტილებას ხალხი დადებითად გამოეხმაურა. ”დიდი მადლობა ოპერა ავსტრალიას. დარწმუნებული იყავით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ და ამ გადაწყვეტილებაში ყველანი მხარს გიჭერთ” - წერს ერთ-ერთი ოპერის მოყვარული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დადგმიდან თამარ ივერი ბრიუსელის ოპერის სახლმაც გაუშვა. ოპერა მომავალ წელს უნდა დაედგათ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი ოპერის მოყვარულები, კომენტატორები და შემსრულებლები სოციალური ქსელების საშუალებით მოითხოვდნენ, რომ ივერისთვის, ჰომოფობიური განცხადების გამო, ავსტრალიაში სცენაზე გამოსვლის უფლება არ მიეცათ.

თამარ ივერმა Facebook წერილში განმარტა, თუ როგორ მოხვდა ჰომოფობიური პოსტი მის ოფიციალურ გვერდზე. მისი თქმით, 17 მაისს გეი აღლუმს უნდა ჩაევლო თბილისში მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოს წინ, იმავე დღეს და იმავე დროს, როდესაც იქ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა.

იგი ასევე დასძენს, რომ მის გარდა Facebook-ის იგივე გვერდს იყენებს მისი მეუღლეც, რომელიც ძალიან რელიგიური ადამიანია და სწორედ მან დაწერა LGBT ხალხის შეურაცხმყოფელი პოსტი. “მან გადააკოპირა ჩემი ტექსტი, შეცვალა იგი მნიშვნელოვნად და ჩემი სახელით დაპოსტა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ შევწუხდი ამის გამო და დაუყოვნებლივ წავშალე ის, მაგრამ ეს ტექსტი მე ვნახე ნახევარი საათის შემდეგ გამოქვეყნებიდან. ეს ტექსტი ჩემს მოსაზრებას არ გამოხატავს. ვწუხვარ, რომ დავაგვიანე მისი წაშლა და ეს ტექსტი უკვე გავრცელებული იყო ინტერნეტით” - წერს თამარ ივერი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თამარ ივერმა LGBT თემის წინაშე ბოდიში მოიხადა. მაშინდელ წერილში ივერი არ უარყოფს, რომ ჰომოფობიური პოსტი პირადად დაწერა და არა მისმა მეუღლემ, თუმცა მაშინ მან ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ არასწორად იყო ინფორმირებული 17 მაისის აქციის შესახებ.

თამარ ივერს ოპერა ავსტრალიაში ოტელოში უნდა მიეღო მონაწილეობა. ოპერის წარმომადგენლების განცხადებით წარმოდგენები არ ჩაიშლება და მის ნაცვლად დეზდემონას როლს სხვა მომღერალი შეასრულებს.

კომენტარები