IDU-ს განცხადება

IDU: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმა

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი(IDU) უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო - კერძოდ, მედიის თავისუფლებაზე, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სასამართლო სისტემაზე თავდასხმებთან დაკავშირებით.

"საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივად ცდილობს, შეცვალოს პროევროპული, ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელები და სარედაქციო პოლიტიკა.

შემაშფოთებელია ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციონერ დეპუტატებსა და აქტივისტებზე - აშკარაა დამნაშავეთა დაუსჯელობა.

განსაკუთრებით ვართ შეშფოთებული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათზე თვალთვალისა და შანტაჟის გამო, რათა მიიღონ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება.

IDU მიესალმება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, სადაც დაადგინეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას სხვა, "ფარული დღის წესრიგი" ჰქონდა დევნისას.

IDU მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმა, პატივი სცეს მედიის თავისუფლებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რათა საქართველომ შეძლოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება", - წერია განცხადებაში.

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და ლიბერალ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტიების მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსია. IDU-ს სათავო ოფისი ოსლოში მდებარეობს.

კომენტარები