IDU-ს განცხადება

IDU ენმ-ს წევრების სამართლებრივი დევნის გამო შეშფოთებას გამოხატავს

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) 2013-2014 წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და კანდიდატების დიდი რაოდენობით დაკავებებისა და სამართლებრივი დევნის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.

საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებაში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სასამართლო და პროკურატურის სისტემების დამოუკიდებლობას და ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიების როლს პატივი სცეს.

IDU მიიჩნევს, რომ ძლიერი ოპოზიცია თანამედროვე დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. ამასთან, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი  შერჩევით სამართალს გმობს, რომელიც კანონის უზენაესობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. IDU-ს, აგრეთვე მიაჩნია, რომ  სასამართლოსა და საგამოძიებო სისტემების კეთილსინდისიერება და პოლიტიკისგან დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის აუცილებელ ელემენტებს წარმოადგენს.

IDU აღნიშნავს, რომ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები ქართველი ხალხის უკეთესი მომავლის იმედისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების თვალსაზისით ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია. 

განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ IDU საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებას მხარს უჭერს.

საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი კონსერვატიული, ქრისტიან-დემოკრატიული და ლიბერალ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტიების მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს წარმოადგენს. IDU-ს წევრია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. IDU-ს სათავო ოფისი ოსლოში მდებარეობს.

კომენტარები