სომხეთი

სომხეთში, საპატრულო დაცვის პოლკზე თავდასხმისას მოკლულია ერთი პოლიციელი

news.am

სომხეთში, საპატრულო დაცვის პოლკზე თავდასხმისას მოკლულია ერთი პოლიციელი, ორი კი დაჭრილია. ინფორმაციას სომხური მედია ეროვნული უშიშროების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეიარაღებული პირები, რომლებიც ერევანში პოლიციის პოლკს თავს დაესხნენ და მძევლები აიყვანეს, ხელისუფლების გადადგომას და დაკავებული ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ. სეფილიანი დაახლოებით ერთი თვის წინ იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. თავდამსხმელები საკუთარ თავს სასუნის გმირებს უწოდებენ. 

ჩატარებული ოპერაციის შედეგად, გათავისუფლებულია 2 მძევალი. არსებული ინფორმაციით, შეარაღებულმა პირებმა სულ 8 ადამიანი აიყვანეს მძევლად.

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათის წინ გააკეთა და აჯანყებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაცია არ დაადასტურა. უწყების პრესსპიკერის თქმით, დღეს, 17 ივლისის დილას, სომხეთის პოლიციის საპატრულო დაცვის პოლკს თავს დაესხნენ და ადამიანები, რომლებიც ამ დროს პოლკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, მძევლად აიყვანეს. 

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ამავდროულად, იყო მცდელობა სოციალური ქსელების საშუალებით გაევრცელები დეზინფორმაცია აჯანყების დაწყებასთან და შენობების დაკავებასთან დაკავშირებით. თავდამსხმელებთან ამ ეტაპზე მიმდინერეობს მოლაპარაკებები, რათა ისინი მშვიდობიანად ჩაბარდნენ.

კომენტარები