საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ რთველი 2016-ის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წელს გლეხებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ. გიორგი კვირიკაშვილს არ დაუკონკრეტებია თანხა, რომელსაც მთავრობა ყურძნის სუბსიდირებისთვის გამოყოფს.
„რთველი 2016 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების. ჩვენ მივდივართ ორი მიმართულებით, ერთი გახლავთ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის განვითარება და ახალი პოტენციალის შექმნა, და მეორე, რა თქმა უნდა, ბაზრების განვითარება, სადაც არანაკლები რესურსი იხარჯება. ასე რომ, წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება სხვადასხვა განფასებით სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება, ისე რომ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება", - განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ რთველი 2015-ს კახელი მევენახეების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ისინი ყურძნის ფასის ზრდას ითხოვდნენ. შარშან, თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებდა. 2014 წელს კი, მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა.