რესპუბლიკური პარტია

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ხიდაშელი და ზაქარეიშვილი პოსტებს დატოვებენ

რესპუბლიკური პარტიის წევრები თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრების პოსტებს დატოვებენ. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის წევრები მზად იყვნენ, არჩევნებამდე დარჩენილიყვნენ მინისტრის თანამდებობებზე, თუმცა, "ქართულმა ოცნებამ ჩათვალა, რომ მრავალპარტიული, კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელია". დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პოსტებს მხოლოდ ხიდაშელი და ზაქარეიშვილი დატოვებენ. რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, "მან გააკეთა სხვა არჩევანი, გაემიჯნა რესპუბლიკურ პარტიას და მთავრობაში რჩება".

"ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, როგორ ვახერხებდით, რომ თან კოალიციურ ვალდებულებებს ვასრულებდით და თან საარჩევნო კამპანიაში ვერთვებოდით - როგორ და ასე. პოლიტიკა არ არის კერძო პერსონალური ვნებების ასპარეზი. პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური. ამიტომ, ჩვენ ბოლომდე გავაგრძელეთ ჩვენი მოვალეობების შესრულება, მათ შორის საქართველოს მთავრობაში. თუ ევროპა და ცივილიზაცია გვინდა, უნდა შევეგუოთ და უნდა ვისწავლოთ ეს ტრადიციები, როდესაც მრავალპარტიული კოალიციები მუშაობენ არჩევნების ბოლომდე. ჩვენ ეს შევთავაზეთ ჩვენს პარტნიორებს ქართული ოცნებიდან. ვიყავით მზად, რომ ჩვენი მთავრობის წევრები დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე არჩევნების ბოლომდე და მათ გარეშე გავიდოდით საარჩევნო კამპანიაში. ქართულმა ოცნებამ სხვაგვარად გადაწყვიტა. მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არის მიუღებელი" - თქვა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები