შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ვაჩიანში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, 1992 წელს დაბადებულ ნოდარ ა.-ს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული მოკლულების სახლში ქურდობის მიზნით შევიდა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალი და მისი ორი შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ნოდარ ა. მომხდარიდან მეორე დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დააკავეს.
"შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები",- ნათქვამია განცხადებაში.





