ვარშავის სამიტი

ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვარშავის სამიტისთვის ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

საქართველო ვარშავაში, NATO-ს სამიტზე ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარდგა. დოკუმენტში საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე, გახდეს ყველა ევროატლანტიკური ინსტიტუციის წევრი. ასევე ხაზგასმულია რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია. დეკლარაციას ხელს აწერენ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. დეკლარაციაზე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერებიც არის.

"დოკუმენტზე ხელის მომწერ პარტიებს არსებითი შიდა პოლიტიკური უთანხმოება წარსულშიც გვქონდა და დღემდე გვაქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთად ვდგავართ ერთ პრინციპზე, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა და ქართველი ხალხი ცდილობს, ააშენოს ევროპული დემოკრატია, რომელიც უფრთხილდება თავისუფლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობას და უსაფრთხოებას და მიისწრაფის სრული წევრობისთვის ყველა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუციაში. საქართველო მიისწრაფვის, რომ შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ევრო-ატლანტიკურ ხალხთა გაერთიანებაში, რომელიც დაფუძნებულია ამ ერთობის კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, დემოკრატიასა და კეთილდღეობაზე.

ჩვენ ვაცნობიერებთ იმ განსაკუთრებულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას რეგიონში. ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის აგრესიამ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში და მისმა შემოჭრამ საქართველოში 2008 წელს გამოიწვია ასობით ათასი მოქალაქის იძულებით გადაადგილება. ჩვენს რეგიონში ხშირია ტერიტორიული დავები და გეოგრაფიულად ახლოს ვართ მიმდინარე კონფლიქტებთან. თუმცა, ჩვენი მდებარეობა ასევე შეფასებულია დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ მატერიალურ-ტექნიკურ და ენერგო მომარაგების კორიდორად.

ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი მეზობლების ქმედებებს და, მაშასადამე, არ უნდა ვიყოთ მათი ქმედებების მძევლები. როგორც საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ კარგი, მეგობრული ურთიერთობის, თავისუფალი და გახსნილი ვაჭრობის, დიალოგისა და კონფლიქტების მშვიდ რეჟიმში მოგვარების პრინციპებზე ვდგავართ. ჩვენ არასდროს ვიქნებით პირველები, რომლებიც გამოიყენებს ძალას ჩვენს სამეზობლოში. ჩვენ თანაბრად ვართ მონდომებულები დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ჩვენ ველით სრულ მხარდაჭერას, დახმარებასა და ხელის შეწყობას ჩვენი პარტნიორებისგან ტრანსატლანტიკურ ერთობაში, რათა საქართველო სრულად ინტეგრირდეს ევროკავშირში, NATO-სა და ყველა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუციაში", - ნათქვამია დოკუმენტში.

NATO-ს რიგით 28-ე სამიტი ვარშავაში დღეს გაიხსნა. მასში 58 ოფიციალური დელეგაცია მონაწილეობს.

კომენტარები