ოკუპირებული აფხაზეთი

ხაჯიმბა: თუ ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, რომ უნდა გადავდგე, მე დავთანხმდები

rferl.org

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ადასტურებს, რომ ხალხის მოთხოვნის შემთხვევაში, პოსტიდან გადადგება. სპუტნიკის ცნობით, ამის შესახებ ხაჯიმბამ დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა. 

"ჩვენ ეს ნაბიჯი ხალხის გასაერთიანებლად გადავდგით. გვინდოდა შეგვექმნა პირობები, ფაქტობრივი გადაწყვეტილებისთვის სახელმწიფოს მეთაურის ბედთან დაკავშირებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საჭირო. ახლა დააყენეს საკითხი, რომ სურთ რეფერენდუმის გაუქმება. რეფერენდუმი იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, რომ ხაჯიმბა უნდა გადადგეს, მე დავთანხმდები. მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მე ვიბრძოლებ ბოლომდე ყველა იმ ნეგატივის წინააღმდეგ, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. მე ვერავინ შემაშინებს" - თქვა ხაჯიმბამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღეს შეტაკებები იყო. ოპოზიციის ათასობით წარმომადგენელი შენობის შტურმით აღებას ცდილობდა. ოპოზიცია ე.წ. შს მინისტრის ლეონიდ ძაფშბას თანამდებობიდან მოხსნას ითხოვდა. მათი თქმით, ძაფშბას მინისტრობის პერიოდში აფხაზეთში კრიმინოგენური სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა.

გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლები დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს ე.წ. პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ. კერძოდ, მათი თქმით, მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებს რეფერენდუმში თავისუფალი არჩევანის გაკეთებას უზღუდავდა.

ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა, 10 ივლისს დანიშნულ ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებული რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებაა, იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლებამ არ უზრუნველყო თავისი მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოვლინება. მათ ასევე სურთ, რომ რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება ვადაგასული პასპორტის მქონე მოქალაქეებსაც მიეცეთ.

მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ მზად არის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდეს და მათთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ხაჯიმბამ დღეს დილითვე გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც შს მინისტრ ძაფშბას უფლებამოსილება დროებით, ე.წ. პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდება.

კომენტარები