აშშ-საქართველო

აშშ-საქართველომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს მთავრობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრემიერმინისტრმა ხელი მოაწერეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დოკუმენტი ქმნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობისთვის. ასევე, თავდაცვისუნარიანობის ეფექტურობის ამაღლებისთვის.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დღევანდელ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ აირჩია ევროატლანტიკური მომავალი, ხოლო აშშ თავს ვალდებულად გრძნობს, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ მიზნების მიღწევაში.

"მოხარული ვარ, რომ ბატონ პრემიერთან ორმხრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერე ხელი, რომელიც განსაზღვრავს უსაფრთხოების სფეროში ჩვენს პარტნიორობას, ხელს შეუწყობს შემდგომ ნაბიჯებს, საქართველოს მდგრადობას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. დიდი მადლობა თავდაცვის დეპარტამენტის მდივანს ბატონ კარტერს, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს, რომელთა ძალისხმევით აღნიშნული მემორანდუმი გავაფორმეთ. ამერიკის შეერთებული შტატები მყარად დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში. რუსული ოკუპაციის და მილიტარიზაციის შედეგი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის თვალსაზრისით მიუღებელია. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით დაკისრებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს მისი ჯარების გადაყვანას იმ პოზიციაზე, სადაც იმოყოფებოდნენ კონფლიქტამდე. ასევე, ჰუმანიტარული დახმარებისთვის ყოველგვარი ბარიერის მოხსნას ამ რეგიონში" - განაცხადა კერიმ.

კომენტარები