მკვლელობა

ოსკარ პისტორიუსს შეყვარებულის მკვლელობისთვის 6 წელი მიუსაჯეს

ALAMY

სამხრეთაფრიკელ პარაოლიმპიელ სპორტსმენ ოსკარ პისტორიუსს, 2013 წელს შეყვარებულის რივა სტინკამპის მკვლელობისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პისტორიუსი სასამართლოს დარბაზიდან პირდაპირ ციხეში გადაიყვანეს. განაჩენის გასაჩივრება როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს შეუძლია.

თავდაპირველად, 2014 წელს პისტორიუსს მოსამართლემ სტინკამპის მკვლელობისთვის ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ მაშინ სპორტსმენი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

29 წლის პისტორიუსმა შეყვარებული 2013 წლის თებერვალში საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პარაოლიმპიელის თქმით, რივა სტინკამპი სახლში შეპარული მძარცველი ეგონა და მას თავდაცვის მიზნით ესროლა.

პისტორიუსს ციხეში 1 წელი უკვე მოხდილი აქვს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კარგად მოქცევის შემთხვევაში, მისი პატიმრობის პირობითით შეცვლაც შესაძლებელია.

პისტორიუსი პარაოლიმპიადის 6-გზის ოქროს მედალოსანია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ის გახდა პირველი პარაოლიმპიელი, ვისაც ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება დართეს.

კომენტარები