პრორუსული ძალები

საგარეო უწყებამ არჩილ გეგეშიძე მისი განცხადების გამო თბილისში გამოიძახა

არჩილ გეგეშიძე
facebook.com/profile.php?id=100006623681625&fref=ts

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე თბილისში გამოიძახა. მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, "ელჩი გამოძახებულია. ჩვენ გვექნება მასთან საუბარი. ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს". ზალკალიანმა არ უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა, გეგეშიძის განცხადება პრორუსულ ძალებზე, მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

არჩილ გეგეშიძე თბილისში წუხელ ჩამოვიდა. მან აეროპორტში კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"სამინისტროში უნდა მივიდე ხვალ დილას და იქ გადაწყდება, რა კომენტარები უნდა გაკეთდეს კერის ვიზიტთან დაკავშირებით. კომენტარს არ ვაკეთებ [პრორუსულ ძალებზე]. ტყუილად გარჯილხართ, ტყუილად მელოდებით. ხვალ, საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ", - თქვა გეგეშიძემ.

არჩილ გეგეშიძემ საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ პრორუსულ ძალებზე რამდენიმე დღის წინ, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა.

„გასაგებია მათი [პრორუსული განწყობის პოლიტიკოსების] არსებობა [ხელისუფლებაში]. ეს იმას ნიშნავს, რომ პლურალისტური მიდგომა არსებობს. მაგრამ ისინი გადაწყვეტილების პროცესზე გავლენას ვერ ახდენენ. ერთია, როცა პროპაგანდა გარედანაა ინსპირირებული და მეორე, როცა ქვეყანაში ცდილობენ იმ აზრის დამკვიდრებას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი რეალურად შედეგის მომტანი არაა”, - თქვა გეგეშიძემ.

იქამდე კი, აშშ-ში საქართველოს ელჩმა ჯონ კერის ვიზიტი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამდე დააანონსა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე არაკვალიფიციურია, ხოლო მისი განცხადება - არაკომპეტენტური. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გუშინდელ ბრიფინგზე თქვა.

„პრეზიდენტის აზრით, ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და მისივე აზრით, არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა", - აღნიშნა მიშველაძემ.

კომენტარები