შეზღუდვები გზებზე

თამარაშვილის ქუჩა 3 ივლისს რამდენიმე საათით გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ივლისს, 07:00-დან 14:00-მდე, უნივერსიტეტის ქუჩის კუთხიდან „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურამდე თამარაშვილის ქუჩა დაიკეტება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ ტერიტორიაზე ავტორბოლა გაიმართება.  

"შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტი. ვაკიდან მეტრო "დელისისკენ“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გადაუხვევენ, ხიდზე მობრუნდებიან, ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გავლით ვაჟა-ფშაველას გამზირზე გავლენ და გზას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებენ“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თვითმმართველობის ორგანოს ინფორმაციით, მეტრო "დელისიდან“ ვაკის მიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თამარაშვილის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილზე ჩავა, შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და გურამ ავალიშვილის ქუჩების გავლით ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდება და ვაკის პარკთან მობრუნდება.

"განსხვავებული მარშრუტი ექნება N140 ავტობუსს - ქავთარაძის ქუჩიდან, ყაზბეგის გამზირის, პეკინისა და კოსტავას ქუჩების გავლით გადაადგილდება ვარაზისხევისკენ, მელიქიშვილის გამზირიდან კი გზას ჩვეული მარშრუტით განაგრძობს“, - წერია განცხადებაში.

კომენტარები