განათლების მინისტრი

ჯეჯელავა მასწავლებლებზე: არამატერიალური მოტივაცია არის მთავარი და წამყვანი

ტაბულა

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მასწავლებლების დაფასება მხოლოდ ხელფასს არ უკავშირდება. ჯეჯელავა ამბობს, რომ "არამატერიალური მოტივაცია თანამედროვე მენეჯმენტში არის მთავარი და წამყვანი". ტაბულას კითხვაზე, კონკრეტულად რას გულისხმობს არამატერიალურ დაფასებაში, მინისტრი პასუხობს - "მასწავლებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ამაღლებულ იდეას ემსახურებიან და დანახულია მათი შრომა".

"მასწავლებლების დაფასება არ უკავშირდება ხელფასს" - ეს არასწორი ფორმულირებაა. რა თქმა უნდა, უკავშირდება ხელფასს, მაგრამ მხოლოდ ხელფასს არ უკავშირდება. ჩვენ მატერიალურზეც უნდა ვიზრუნოთ მასწავლებლების შემთხვევაში და არამატერიალურზეც. მათ შორის, ახლა ჩვენ რომ ვაჯილდოებთ ბავშვებს, ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ მათი მასწავლებლებიც ჯილდოვდებოდნენ, იმიტომ რომ ეს არის ერთობლივი. ამ მიმართულებით ნაბიჯებს ვდგამთ. იმედი გვაქვს, რომ მასწავლებლებს მეტი შანსი ექნებათ წარმოჩენის, თუნდაც მედიის დახმარებით და ასევე ჩვენი სამინისტროს მხრიდან დაფასების გამოხატვის", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ტაბულამ განათლების მინისტრს თავისი ციტატა - "პირადად მე მასწავლებლების დაფასებას ვგეგმავ და ეს ხელფასს სულაც არ უკავშირდება" - შეახსენა.

"კი, ბატონო, ასე ვამბობ, ანუ პირადად მე რასაც ვგეგმავ, ის არ უკავშირდება ხელფასს", - თქვა ჯეჯელავამ. 

კითხვაზე, "აბა, რას უკავშირდება", მინისტრი პასუხობს, რომ "ეს უკავშირდება მათი შრომის დაფასებას, არამატერიალური მოტივაცია თანამედროვე მენეჯმენტში არის მთავარი და წამყვანი. ეს ხალხი უნდა იყვნენ დაფასებული. უნდა ხედავდნენ საკუთარ მნიშვნელობას, და მაშინ არ უნდა გვახსენდებოდეს, როცა რაღაც პრობლემები გამოჩნდება". 

ტაბულამ ალექსანდრე ჯეჯელავას "არამატერიალური დაფასების" რამდენიმე მაგალითის დასახელება სთხოვა.

"მაგალითად, დღეს ოლიმპიადაში ბავშვმა გაიმარჯვა და მარტო ბავშვს კი არ ვაჯილდოებთ, ვაჯილდოებთ მასწავლებელსაც. ეს არის არაატერიალური დაფასება. ტელევიზიაში მარტო მინისტრს კი არ გამოვაჩენთ, გამოვაჩენთ დამსახურებულ და გამოჩენილ მასწავლებელსაც. რეგიონულ ღონისძიებებზე მარტო გამგებელი და გუბერნატორი კი არ გვეყოლება, არამედ მასწავლებელიც. ანუ როგორც ჟურნალისტისთვის ან ნებისმიერი სხვა პროფესიისთვის მნიშვნელოვანია, ესმოდეთ, რომ ისინი ამაღლებულ იდეას ემსახურებიან და დანახულია მათი შრომა, ძირითადად ამაზეა საუბარი", - ამბობს განათლების მინისტრი.

კომენტარები