თავისუფალი ვაჭრობა

დღეს შვეიცარიასა და ნორვეგიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ეწერება ხელი

Getty Images

დღეს, 27 ივნისს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ხელი მოეწერება საქართველოსა და EFTA-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს. EFTA აერთიანებს ოთხ ევროპულ სახელმწიფოს: შვეიცარიის კონფედერაციას, ნორვეგიის სამეფოს, ისლანდიის რესპუბლიკასა და ლიხტენშტაინს. ამ ქვეყნების მოსახლეობა 14 მილიონს შეადგენს და ის ევროპის კონტინენტის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა. 

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელს პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აწერს. ქუმსიშვილმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ შეთანხმება საქართველოს ბიზნეს სექტორს ევროპის მაღალმსყიდველუნარიან ბაზრებზე პოტენციალს მნიშვნელოვნად გზარდის.

EFTA-ს წევრ ქვეყნებთან ვაჭრობის მოცულობა საკმაოდ მცირეა, მეტიც, ამ ქვეყნებიდან ორში - ლიხტენშტაინსა და ისლანდიაში, 2015 წლის მანძილზე ექსპორტი არ ფიქსირდება. ნორვეგიაში კი ექსპორტი გასულ წელს მხოლოდ $56 ათასი იყო. შედარებით უფრო დიდი სავაჭრო ურთიერთობები საქართველოს შვეიცარიასთან აქვს, მასში წინა წელს $30 მილიონის ღირებულების ქართული პროდუქტი გავიდა. EFTA-ს წევრი ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობა კი წელს დაახლოებით $70 მილიონი იყო. იმპორტშიც $62 მილიონით წამყვანი ადგილი შვეიცარიას უჭირავს. 

შეთანხმება მოიცავს შემდეგ სფეროებს: საქონლით ვაჭრობა; მომსახურებით ვაჭრობა; სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში; ინვესტიციები; ინტელექტუალური საკუთრების უფლებები; სახელმწიფო შესყიდვები; კონკურენცია; ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

კომენტარები