ეროსი კინწმარიშვილის საქმე

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი და ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ

ზურა კიწმარიშვილი, ეროსი კიწმარიშვილის ძმა
ტაბულა

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი და ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. მათთვის არ არის დამაჯერებელი პროკურატურის მიერ დადგენილი თვითმკვლელობის ვერსია და დაგეგმილ მკვლელობაზე საუბრობენ. კიწმარიშვილის ძმამ და ადვოკატებმა დღეს ბრიფინგი გამართეს.

კიწმარიშვილის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ გამოძიებას არცერთი ვიდეოჩანაწერი არ წარმოუდგენია, რომელშიც ასახულია კიწმარიშვილის გადაადგილების მარშრუტი მისი გარდაცვალების დღეს. მისივე თქმით, სატელეფონო ზარებიც კი გამოძიებამ მხოლოდ გარდაცვლილის ოჯახის წევრების მოთხოვნის შემდეგ გამოიკვლია. როგორც ადვოკატი ამბობს, კითხვის ნიშნებს აჩენს გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებებიც.

"ჩვენთვის გამოძიებას არ წარმოუდგენია არცერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ასახულია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს ქალაქში მისი გადაადგილების მარშრუტი. ეროსის გარდაცვალების დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის გათვალისწინებით, ანძებზე დაფიქსირებული სატელეფონო ზარები ამოიღეს მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის ოჯახის მოთხოვნით და, სამწუხაროდ, საკმაოდ გვიან. სატელეფონო ანძებს თითქმის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ, რასაც საგამოძიებო ორგანო სატელეფონო ნომრების სიმრავლით ხსნიდა. თუმცა, შემაჯამებელი გადაწყვეტილების ჩვენთვის ჩვენებაზე გამოძიებამ უარი განაცხადა და ეს პერსონალური მონაცემის დაცვის მოტივით ახსნა. გარდა ამისა, ვციტირებ დასკვნიდან: "ეროსი კიწმარიშვილის გვამზე ასევე აღინიშნება დაზიანება. ნაჭდევი მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე. განისაზღვრება, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება და არ იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან." ასევე დასკვნაში, შავით თეთრზე ექსპერტს პირდაპირ, კატეგორიული ფორმით უწერია - "სისხლჩაქცევები თავის ქალის მფარავ რბილ ქსოვილებში განვითარებულია სიკვდილის წინ უახლოეს პერიოდში", - ამბობს ჩიქოვანი.

კიწმარიშვილის მეორე ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა კი აღნიშნა, რომ ავტომობილზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდების იდენტიფიცირება არ მომხდარა. მისივე თქმით, გამოძიებამ ზედმეტად იჩქარა, რათა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.

"პასუხგაუცემელი დარჩა დნმ-ის ნაწილი, პასუხგაუცემელი დარჩა პიროვნების იდენტიფიცირება, ავტომობილზე აღმოჩენილი 4 ანაბეჭდის იდენტიფიცირება არ მომხდარა. შემთხვევის ადგილზე დღის იმ პერიოდში ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილზე აღმოჩენილი იყო სარდაფში უცხო პირის ანაბეჭდი, რომელიც იმდროინდელია, იმ პერიოდისაა, თუმცა, მისი იდენტიფიცირება არ არის მომხდარი და ვის ეკუთვნის, დადგენილი არ არის. ვფიქრობთ, რომ ზედმეტად იჩქარა გამოძიებამ იმისათვის, რომ ამგვარი სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიეღო. აპელირება განხორციელდა იმაზე, რომ მას ფინანსური პრობლემები ჰქონდა",- თქვა ადვოკატმა.

ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ მის ძმას გარდაცვალების შემდეგ „გაუტეხეს" Facebook-ის პირადი გვერდი. მისი თქმით, არაერთი თხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებამ არ დაათვალიერა ეროსი კიწმარიშვილის პირადი კომპიუტერი და არც მისი Facebook-ანგარიში შეუმოწმებია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის მტკიცებით, კიწმარიშვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თავი მოიკლა.

კომენტარები