87 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა სპეციალური განცხადება მიიღო, რომელიც წინასაარჩევნოდ პარტიების მხრიდან ქცევის წესებისა და საერთო თამაშის წესების მიღებას ითვალისწინებს.
პროექტის მიხედვით, პარტიები ვალდებული არიან, ინტენსიურად ითანამშრომლონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, როგორც წინაასარჩევნო პერიოდში, ასევე უშუალოდ არჩევნების დროს და სრულად და გამჭვირვალედ მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია. ასევე, პროექტით მიუღებელია ოფიციალური სახელმწიფო, მუნიციპალური ან სხვა საჯარო სამსახურების, პოლიციისა და გასამხედროებული უწყებების პოლიტიზება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულები ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის კუთხით, ხოლო მედიამ - დაიცვას არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი, მიუმხრობელი მოპყრობის პრინციპები, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მათი საქმიანობის საფუძვლიანი და დაბალანსებული გაშუქების მიზნით.





