სოფლის მეურნეობა

ერთიანი აგროპროექტი - სოფლის მეურნეობის პროექტები ერთი ქოლგის ქვეშ ერთიანდება

პრემიერი ერთიანი აგროპროექტის პრეზენტაციაზე
facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს პროგრამა - "ერთიანი აგროპროექტის" პრეზენტაცია გამართეს. პროგრამის შედეგად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები ერთიანი პროგრამის ეგიდით განხორციელდებიან. პრემიერი იმედვონებს, რომ პროექტი მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის და ხალხს მეტ სიკეთეს მოუტანს.

დღეისთვის მიმდინარე სახელმწიფო პროექტებია: შეღავათიანი აგროკრედიტი, საწარმოთა თანადაფინანსება, აგროდაზღვევა, დანერგე მომავალი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა, ქართული ჩაი - ყველა ეს პროექტი ერთი ქოლგის ქვეშ გააგრძელებს მუშაობას.

“გადავწყვიტეთ, რომ ყველა მიმდინარე პროექტს დღეიდან თავი მოვუყაროთ ერთიან აგროპროექტში, რათა ჩვენი მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტიანი და სახელმწიფო პროექტებით სარგებლობამ ხალხს უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს. რა თქმა უნდა, სოფლებში კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს მოვაგვარებთ. თითქმის 4 წელია ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომლებმაც უკვე გამოიღო თავისი კონკრეტული შედეგები. ეს პროექტები მუდმივად იხვეწება, სულ უფრო ფართოვდება და ემატება ახალი მიმართულებები. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჩვენი გლეხების, ფერმერების საქმიანობას, როგორც პირველად წარმოებაში, ასევე მოსავლის გადამუშავებასა და რეალიზებაში, ხელი შევუწყოთ ახალი წარმოებების და საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის გაზრდას." - ამბობს პრემიერი.

2013 წლიდან ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი იხარჯება, რათა 200 ათასი ჰექტარი მიწა მოიხნას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ერთიანი სივრცე მოსახლეობასთან კომუნიკაციის გამარტივების და გაუმჯობესების მიზნით და ამოქმედდა ცხელი ხაზის ახალი ნომერი 1501. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასული წლების მანძილზე განხორციელებული პროგრამების შედეგებიც წარადგინა.

პროექტების ფარგლებში:
• გაცემულია 26 300 სესხი, მათ შორის, 24,426 სესხი, საერთო თანხით 693,960,821 ლარი და 1,874 სესხი, საერთო თანხით, $202,557,257 დოლარი; 
• შეიქმნა 150 ახალი აგროსაწარმო; 
• გაფართოვდა/გადაიარაღდა 700 პირველადი და გადამამუშავებელი აგროსაწარმო;
• დაეზღვა 200 000 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი;
• ყოველწლიურად დახმარება 700 000 - ზე მეტ მცირემიწიან ფერმერს გადაეცემა და მათ საკუთრებაში არსებული 200 ათას ჰექტარზე მეტი მიწა მუშავდება;

მრავალმილიონიანი სუბსიდირების პროგრამების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სექტორი ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით გაცილებით წამგებიანია. საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სექტორში 2016 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 1.9% შეადგინა, რაც მაგალითად მშენებლობის სექტორში არსებულ ზრდის ტემპს 13.5-ჯერ ჩამოუვარდება.

კომენტარები