ქრთამის აღება

ქრთამის აღებისთვის დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა ხ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თეკლა ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი" - აცხადებს სუს-ი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით,რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები