Brexit

დიდი ბრიტანეთი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზე

გაერთიანებულ სამეფოში, 2016 წლის 23 ივნისს, დაგეგმილია რეფერენდუმის ჩატარება ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენასა თუ სუპრანაციონალური ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით. რეფერენდუმის კითხვა, შექსპირის ჰამლეტისეული შეგონების მსგავსად, ყოფნა-არყოფნის საკითხს ეხება და შემდეგნაირად იქნება ფორმულირებული: „გაერთიანებული სამეფო უნდა დარჩეს ევროკავშირის წევრი თუ უნდა დატოვოს ევროკავშირი?“

რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული, როდესაც, გამარჯვების შემთხვევაში, დევიდ კამერონი, მოსახლეობას რეფერენდუმის ჩატარებას დაჰპირდა. ამ საკითხზე ახალი რეფერენდუმის საჭიროება (პირველი რეფერენდუმი გაიმართა 1975 წელს, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობამ ევროკავშირში – იმდროინდელ ევროგაერთიანებაში – დარჩენას დაუჭირა მხარი) განპირობებული იყო კონსერვატიული პარტიისა და „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის“ (UKIP) დეპუტატების მოთხოვნით, რადგან, მათი აზრით, 1975 წლის შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ევროკავშირის კონტროლი და გავლენა ბრიტანელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უფრო და უფრო საგრძნობი გახდა. 2015 წლის გენერალურ არჩევნებში კონსერვატიული პარტიის დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ: „დროა, ბრიტანელმა ხალხმა საკუთარი ხმა დააფიქსიროს. დროა, გადავწყვიტოთ  ბრიტანულ პოლიტიკაში ევროპული კითხვის საკითხი“.

რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებამდე ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირთან, რომლის შედეგადაც, ევროკავშირში დარჩენის შემთხვევაში, ბრიტანეთი ისარგებლებს ევროკავშირში „სპეციალური“ სტატუსით, რაც შემდეგში გამოიხატება: 1) სუვერენიტეტის ასპექტი: ბრიტანეთი არ არის ვალდებული, მიისწრაფოდეს ევროკავშირთან შემდომი პოლიტიკური ინტეგრაციისკენ (ever closer union); 2) ეკონომიკური ასპექტი: არაევროზონის წევრ ქვეყნებს არ აქვთ ევროზონის წევრი ქვეყნების ბეილაუთის ვალდებულება; 3) კონკურენციის ასპექტი: გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები უკეთესი რეგულაციებისკენ, რომელიც, ამავდროულად, შიდა ბაზრის გაძლიერებასაც ემსახურება; 4) იმიგრაციის ასპექტი: „დამცავი მექანიზმის“ ამოქმედება, რაც განსაკუთრებულ შემთხვევებში მიგრანტების შვილებისთვის ბენეფიტების შეზღუდვას უშვებს.

რეფერენდუმის თარიღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება დაძაბულობა, რაც ფლუქტუირებად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებშიც ჩანს. 12-13 ივნისის მდგომარეობით, YouGov/Times–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ევროკავშირის დატოვებას მხარს უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 46%, ხოლო ევროკავშირში დარჩენას – 39%. მიუხედავად ამისა, ჩატარებული გამოკითხვა შეიძლება აკურატულად არ ასახავდეს მოსახლეობის განწყობებს და 23 ივნისამდე ჩატარებულ სხვა საზოგადოებრივ გამოკითხვებსა და უშუალოდ რეფერენდუმზე, მოსალოდნელია, რომ  სრულიად განსხვავებული შედეგები დადგეს. ამის თქმის საფუძველს შეიძლება გვაძლევდეს დიდი ბრიტანეთის 2015 წლის გენერალური არჩევნების დროინდელი წინასაარჩევნო საზოგადოებრივი გამოკითხვების საგრძნობი შეუსაბამობა არჩევნების შედეგებთან.

2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმი დიდი ბრიტანეთისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა და მისი შედეგების გავლენა საგრძნობი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. რეფერენდუმი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც კონსერვატიული პარტიის უმეტესი ნაწილი, პრემიერმინისტრის მეთაურობით, ლეიბორისტული პარტია, ლიბერალ-დემოკრატები და შოტლანდიის ეროვნული პარტია ერთ პლატფორმაზე დგანან. კამპანიის მეორე მხარეს ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი და იუსტიციის მდივანი მაიკლ გოუვია, რომლებიც, ისევე, როგორც „ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია“ და მისი ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი, აქტიურად ადვოკატირებენ ევროკავშირიდან გამოსვლას.

ევროკავშირში დარჩენის მომხრეები: „ბრიტანეთი უფრო ძლიერია ევროპასთან ერთად“

ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, ევროკავშირში დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მოსახლეობისთვის, რამდენიმე მიზეზის გამო. დარჩენის მომხრეთა მთავარი არგუმენტი ეკონომიკური ხასიათისაა. მათი აზრით, ევროკავშირში ყოფნით ბრიტანეთი ინარჩუნებს ერთიან ბაზარზე სრულ წვდომას, ამ ბაზრის დატოვება კი რისკებთან და არასტაბილურობასთან არის დაკავშირებული. ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და სამ მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი სწორედ ევროკავშირში ექსპორტთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ბრიტანეთის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი სექტორები მეტწილად დამოკიდებულია ევროკავშირზე. კერძოდ, სხვადასხვა ინდუსტრიული სფეროდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის წილი შემდეგია: ტრანსპორტის სფეროდან (44%), აიტი და ტელეკომუნიკაციები (46%), საკვების წარმოება (53%), ფინანსური სერვისი (41%), ქიმიკალიები და მედიკამენტები (54%) და ავიამშენებლობა (47%).

არსებული პროგნოზებით, ევროკავშირის დატოვებას უარყოფითი გავლენა ექნება ბრიტანელების ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, რადგან დატოვებით გამოწვეული ეკონომიკურმა შოკმა შეიძლება გააუფასუროს ფუნტის ღირებულება, რასაც, შედეგად, შესაძლებელია ფასების ზრდა და ცხოვრების სტანდარტის გაუარესება მოჰყვეს.

ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი უსაფრთხოებაა. ევროკავშირის წევრობით ბრიტანეთს საშუალება აქვს, მიიღოს დაზვერვის ინფორმაცია ევროკავშირის 27 ქვეყნისაგან და ჰქონდეს წვდომა ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებთან. ევროკავშირის ქვეყნებთან ამ კუთხით თანამშრომლობა სწორედ კრიმინალებისა და ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას უწყებს ხელს, რაც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება. 2004 წლის შემდეგ, „დაკავების ევროპული ორდერის“ (European Arrest Warrant) საშუალებით, 1000-მდე ეჭვმიტანილი წარდგა ბრიტანული სასამართლოს წინაშე და, გარდა ამისა, მოხდა დამატებით 7000-მდე ეჭვმიტანილის ექსტრადირება.

მიმდინარე დებატებში განსაკუთრებით თვალშისაცემი და მწვავეა სუვერენიტეტის შესახებ არგუმენტები. ბრექსიტის მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ გლობალიზებულ და ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში გამოსავალი არა განცალკევება, არამედ გადაწყვეტილებების მიღების ეპიცენტრში ყოფნა და ამით ამ გადაწყვეტილებების საკუთარ ეროვნულ ინტერესებთან მაქსიმალურად ჰარმონიზებაა. Chatham House-ის კვლევის თანახმად, ევროკავშირში ყოფნით ბრიტანეთის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვის არგუმენტი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირში ყოფნით მიაღწია რიგ ეროვნულ მიზნებს, რომლებსაც ცალკე მყოფი ვერ მიაღწევდა, მაგალითად, საერთო ბაზარი, ევროკავშირის გაფართოება, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვა და ევროკავშირის სტრატეგია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ევროკავშირში მყოფი დიდი ბრიტანეთი თავად განკარგავს იმ თემების დიდ უმრავლესობას, რაც ბრიტანეთის ამომრჩეველს აწუხებს. მათ შორისაა – ჯანდაცვა, განათლება, პენსიები, კეთილდღეობა, მონეტარული პოლიტიკა, თავდაცვა და საზღვრების უსაფრთხოება. ამრიგად, თანამედროვე ურთიერთდამოკიდებულ საერთაშორისო სისტემაში – განსხვავებით 1975 წლის მსოფლიოსაგან, როდესაც ბრიტანეთი ევროგაერთიანებას შეუერთდა – ბრიტანეთის მიერ აბსოლუტური  სუვერენიტეტის მიღწევა ილუზორულია.

ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი მთავარი არგუმენტი გაერთიანებული სამეფოს ერთიანობაა, რომელიც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუკი დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს, ხოლო შოტლანდიის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს ევროკავშირში დარჩენას. შოტლანდიის განმეორებით რეფერენდუმზე აქტიურად მიუთითებენ „შოტლანდიის ეროვნული პარტიის“ (პარტია, რომელმაც მოახდინა შოტლანდიის რეფერენდუმის ინიცირება) ახლანდელი და ყოფილი ლიდერები, ნიკოლა სტერჯენი და ალექს სალმონდი. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრების, ტონი ბლერისა (ლეიბორისტი) და სერ ჯონ მეიჯორის (კონსერვატორი) განცხადებით, ბრექსიტის შემდეგ „მსოფლიოში წარმატებული კავშირის ერთიანობის სამუდამოდ დარღვევა არასიამოვნო სიმართლე იქნება“.

ბრექსიტის მოწინააღმდეგეები უპირისპირდებიან „პატარა ინგლისის“ იდეას და მიიჩნევენ, რომ ბრიტანეთმა არათუ უნდა დატოვოს ევროკავშირი, არამედ უნდა იყოს მისი წამყვანი ქვეყანა და ამით უზრუნველყოს ევროკავშირში ბრიტანეთისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება.

ევროკავშირში დარჩენის მოწინააღმდეგეები: „უკან დავიბრუნოთ კონტროლი“

ბრექსიტის მხარდამჭერთა კამპანია რამდენიმე ძირითადად არგუმენტს ეფუძნება, რომელთაგან მთავარი არის იმიგრაცია, ბრიტანეთის სუვერენიტეტისა და კანონების საკითხი და ევროკავშირის წევრობის ფასი დიდი ბრიტანეთისათვის.

იმიგრაცია. არსებული მონაცემებით, ყოველწლიურად, ბრიტანეთში იმიგრანტთა საერთო რიცხვი 300 000 აღწევს, რაც მთავრობის მიზანს – მიგრაციის მაჩვენებელი 100 000-მდე შეამციროს – სამჯერ აღემატება. ევროკავშირის ქვეყნებიდან იმიგრირებული ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 184 000-ია (188 000 არაევროკავშირის ქვეყნებიდან). ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ, იცხოვრონ და იმუშაონ ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით, ბრექსიტის მომხრეების თანახმად, ევროკავშირში ყოფნით ბრიტანეთი ვერ შეძლებს იმიგრაციის კონტროლს, ხოლო მაღალი იმიგრაცია ტვირთად აწევს ქვეყნის საჯარო სერვისებს და უარყოფით გავლენას ახდენს დასაქმებული ბრიტანელების ხელფასსა და სამუშაო ადგილებზე. იმისათვის, რომ მოხდეს იმიგრაციის უკეთ კონტროლი, აუცილებელია ქულებზე დაფუძნებული სისტემის შემოღება ევროკავშირის წევრი მოქალაქეებისთვისაც.

სუვერენიტეტი და კანონები. ევროკავშირის დატოვების მომხრეთა არგუმენტით,  ევროკავშირში ყოფნით ბრიტანეთი კარგავს სუვერენიტეტს, რაც შემდეგში გამოიხატება: ა) გაერთიანებული სამეფოს კანონების უმეტესობის მიღება ბრიუსელში ხდება; ბ) სხვა წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ კანონები, ბრიტანეთის წინააღმდეგობის მიუხედავად; 3) დიდი ბრიტანეთი უმეტესწილად მარცხდება ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დავებში და მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს მის სამთავრობო პოლიტიკაზე. შესაბამისად, სრული სუვერენიტეტი მხოლოდ ევროკავშირის დატოვების შედეგად მიიღწევა.

ევროკავშირის წევრობის ფასი. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ბიუჯეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. 2015 წელს, მისი შენატანი ევროკავშირის ბიუჯეტში 17,8 მილიარდს უტოლდებოდა. თუმცაღა, ბრიტანეთმა უკანვე მიიღო 4.9 მილიარდი და დამატებით 4,4 მილიარდი ფერმების სუბსიდირებისა და სხვა პროგრამებისთვის. ბრექსიტის მომხრეთა მტკიცებით, ბრიტანეთის ყოველკვირეული შენატანი ევროკავშირის ბიუჯეტში 350 მილიონი ფუნტია. ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში, რამდენიმე მილიარდი ფუნტი ხელმისაწვდომი გახდება ქვეყნის სხვა პრიორიტეტებისათვის. გარდა ამისა, ბრიტანეთი თვითონ განსაზღვრავს, თუ როგორ დახარჯოს ის ფული, რომელიც მას უკან უბრუნდება.

ევროკავშირის დატოვების მომხრეები ასევე არ იზიარებენ მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს ეკონომიკაზე ბრექსიტის უარყოფითი გავლენის შესახებ. მომხრეთა აზრით, ევროკავშირის დატოვების შედეგად, 1) გაერთიანებული სამეფოს კომპანიები გათავისუფლებიან ევროკავშირის რეგულაციების ტვირთისაგან; 2) ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან გაგრძელდება, რადგან ბრიტანეთი ახდენს ამ ქვეყნებიდან უფრო მეტის იმპორტირებას, ვიდრე ექსპორტირებას; და 3) ბრიტანეთი შეძლებს ცალკე მოილაპარაკოს სავაჭრო შეთანხმებებზე სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა, მაგალითად, ინდოეთი, ავსტრალია, იაპონია, კანადა და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება შეცვლის არა მხოლოდ ბრიტანელი მოქალაქეების ცხოვრებას, არამედ ეს იქნება, 66 წლის მანძილზე, პირველი სეროზული გამოწვევა ევროკავშირისთვის. ბრექსიტის დომინოს ეფექტის შემთხვევაში, ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტი არა გაფართოება, არამედ შემცირება შეიძლება გახდეს, რასაც ძირეული გავლენა ექნება ბევრ სახელმწიფოზე, მათ შორის საქართველოზეც. თუმცა, მოახლოებული 23 ივნისის რეფერენდუმი გვიჩვენებს, თუ როგორ გადაჭრის გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობა შექსპირისეულ დილემას ყოფნა-არყოფნის შესახებ.

კომენტარები