ქორწინება

NDI: ქორწინებაზე რეფერენდუმმა შესაძლოა მოქალაქეებს ყურადღება გადაატანინოს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის შეფასებით, ქორწინების შესახებ რეფერენდუმმა შესაძლოა, მოქალაქეებს მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება გადაატანინოს. NDI აღნიშნავს, რომ ინიციატივა, რომელიც ქორწინების კაცსა და ქალს შორის ერთობად განსაზღვრას გულისხმობს, კანონმდებლობაში უკვე არსებული ნორმის დუბლირებაა.

" პოლიტიკური დისკუსიები შესაძლებელია, კვლავ გადაფაროს ისეთმა საკითხებმა, რომელიც, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, ამომრჩევლისთვის ნაკლებად საინტერესოა. გაუცხოების ტენდენცია მოქალაქეების ინტერესებსა და საჯარო განხილვების შინაარსს შორის ნათლად აისახა არჩევნების დღეს საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივაში. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, ქორწინება კაცსა და ქალს შორის ერთობად განსაზღვროს. აღნიშნული ზომა კანონმდებლობაში უკვე არსებული ნორმის დუბლირებაა და ზოგიერთი ამას აღიქვამს სავარაუდოდ საზღვარგარეთიდან შთაგონებულ ტაქტიკად, რომელიც არჩევნებზე კონსერვატიული და ულტრა-ნაციონალისტური ამომრჩევლის სეგმენტის აქტივობის გაზრდას ისახავს მიზნად. მოტივის მიუხედავად, ამან შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება გადაატანინოს" - წერია NDI-ის ანგარიშში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომიასიამ ქორწინების დეფინიციათან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი 12 ივნისს დაარეგისტრირა. "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“ - ეს არის კითხვა, რომლის რეფერენდუმზე გატანისთვის საინიციატივო ჯგუფს 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.

პროცედურის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა. ამის შემდეგ, ცესკო ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, პრეზიდენტს წარუდგენს გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

კომენტარები