NATO

შტაინმაიერი NATO-ს სამხედრო წვრთნების ნაცვლად, რუსეთთან დიალოგს ურჩევს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები გააკრიტიკა. მისი აზრით, წვრთნები, რომელიც მიმდინარე თვეში დაიწყო, კონტრპროდუქტიულია რეგიონის უსაფრთხოების კუთხით. შტაინმაიერის აზრით, ამან შესაძლოა, რუსეთთან ურთიერთობა დაძაბოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Bild-თან ინტერვიუში მოუწოდა NATO-ს, წვრთნები ჩაანაცვლოს მეტი დიალოგით და რუსეთთან თანამშრომლობით.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე წვრთნებში შეიარაღებული ძალების 31 ათასი წარმომადგენელია ჩართული, მათ შორის 14 ათასი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, 12 ათასი - პოლონეთიდან და 1000 - გაერთიანებული სამეფოდან. სამხედრო სწავლება გამორჩეულია ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავით და გემებით.

„ის, რაც ახლა არ უნდა გავაკეთოთ, იარაღის ჟღარუნით რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაა. მცდარია წარმოდგენა, თითქოს აღმოსავლეთ ევროპაში ტანკებისა და სხვა სამხედრო შეიარაღების აღლუმი რეგიონის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - ამბობს შტაინმაიერი Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

NATO-ს წვრთნები ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ამოწმებს ალიანსის უნარს, უპასუხოს მოსალოდნელ საფრთხეებს. კრემლის არაერთი განცხადების მიხედვით კი, მის საზღვრებთან ახლოს მყოფი NATO-ს სამხედროები ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშის ქვეშ აყენებს.

კომენტარები