კორცხელის ინციდენტი

2030: ალფა-ბანკმა გვითხრა, რომ ენმ-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტაცია ყალბია

ენმ

2030-ის ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული დოკუმენტაცია გაყალბებულია. როგორც 2030-ში ამბობენ, ისინი "ალფა-ბანკს" დაუკავშირდნენ.

"თქვენ მიერ ბანკის პრესსამსახურისადმი მიწოდებული დოკუმენტი არის გაყალბებული, ყალბია ასევე ბანკის თანამშრომლის ხელმოწერა. გვსურს, ასევე აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტში დაშვებულია უხეში შეცდომები, რომლებიც ბანკის მუშაობის სპეციფიკას ეხება, კერძოდ, ანგარიშების გახსნას", - ნათქვამია "ალფა-ბანკის" პრესსამსახურის განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა კალა კაპიტალმაც. დირექტორების განცხადებით, კომპანიას 2016 წლის განმავლობაში არაფერი გადაურიცხავს. დირექტორების განცხადებას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის კალა კაპიტალის მიერ ფულის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დღეს წარმოადგინა. ირმა ნადირაშვილისა და ოთარ კახიძის თქმით, პარტია "ძალადობრივ ჯგუფთან" ვიცეპრემიერ კახა კალაძის კავშირზე თავიდანვე საუბრობდა, ამ დოკუმენტებით კი ეს კავშირი უტყუარად დასტურდება. დოკუმენტაციის თანახმად, ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე $25 000 ჩაირიცხა, ხოლო გიორგი გიგაურს კალა კაპიტალმა $10 000 გადაურიცხა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო კავშირი კორცხელის ინციდენტთან.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, "გამოძიების ფარგლებში ყველაფერი იქნება შესწავლილი."

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილს, გრიგოლ ტყემალაძესა და ვლადიმერ გეგეშიძეს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინათ, 3 ივნისს კი ზუგდიდის სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა.

კომენტარები