კორცხელის ინციდენტი

შსს კორცხელზე: გამოძიების ფარგლებში ყველაფერი იქნება შესწავლილი

"გამოძიების ფარგლებში ყველაფერი იქნება შესწავლილი" - ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი ენმ-ის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კალა კაპიტალისა და დავით ქარსელაძისგან (იგივე კალატოზა) კორცხელის ინციდენტის მონაწილეებს ანგარიშებზე თანხა ჩაერიცხათ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის კალა კაპიტალის მიერ ფულის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დღეს წარმოადგინა. ირმა ნადირაშვილისა და ოთარ კახიძის თქმით, პარტია "ძალადობრივ ჯგუფთან" ვიცეპრემიერ კახა კალაძის კავშირზე თავიდანვე საუბრობდა, ამ დოკუმენტებით კი ეს კავშირი უტყუარად დასტურდება.

დოკუმენტაციის თანახმად, ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე $25 000 ჩაირიცხა, ხოლო გიორგი გიგაურს კალა კაპიტალმა $10 000 გადაურიცხა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო კავშირი კორცხელის ინციდენტთან.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილს, გრიგოლ ტყემალაძესა და ვლადიმერ გეგეშიძეს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინათ, 3 ივნისს კი ზუგდიდის სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა.

კომენტარები