საქართველო და დასავლეთი

WP: პრორუსული ძალები ქართველებს ეუბნებიან, რომ დასავლეთმა მათ უღალატა

Washington Post-ის ანალიტიკურ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში დასავლეთისადმი იმედგაცრუება იზრდება, რაც რუსეთს აძლევს ხელს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ 8-9 ივლისს ვარშავაში გასამართ NATO-ს სამიტზე, საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება დღის წესრიგში არ იდგება.

"NATO-ს წევრი ბევრი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას, არსებობს შეთანხმება, რომ გაფართოების გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ, რათა ვარშავის სამიტამდე დებატები თავიდან ავიცილოთ", - აცხადებს ალიანსის ანონიმური მაღალჩინოსანი Washington Post-თან საუბარში. თუმცა, მისივე თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რომ დეკემბერში საქართველოს MAP-ს აუცილებლად მისცემენ.

Washington Post-ის თანახმად, საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ვარშავის სამიტზე მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი გახდება. მათი აზრით, იმის გარდა, რომ მონტონეგროში კორუფციის ძალიან მაღალი დონეა, ის NATO-ს მისიებში საქართველოსთან შედარებით მინიმალურ მონაწილეობას იღებდა და თბილისს სტრუქტურული რეფორმების გატარების მხრივაც ჩამორჩება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას გერმანია და საფრანგეთი ეწინააღმდეგებიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევს. Washington Post-ი წერს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გერმანიისა და საფრანგეთის ამ პოზიციის გამო იმედგაცრუებულია. მისი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს საქართველოს დაცულობასა და სტრატეგიულ მიმართულებაზე ვეტოს დადება შეუძლია.

"რუსეთზე მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ, მეტისმეტად აწუხებთ, რას ამბობს და რას ფიქრობს რუსეთი და ძალიან ცოტას ფიქრობენ, რა სურს NATO-ს", - აცხადებს ხიდაშელი Washington Post-ის ცნობით.

ამერიკული გამოცემა იმასაც იხსენებს, რომ 2008 წლის მარტში, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მიცემას ვეტო სწორედ გერმანიამ და საფრანგეთმა დაადეს. 5 თვის შემდეგ კი, რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რამაც ალიანსის ზოგიერთ წევრ ქვეყანას კითხვები გაუჩინა - შეძლებდა თუ არა იმავეს რუსეთი, თუკი ალიანსი საქართველოს MAP-ს მისცემდა ან ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვევდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ხიდაშელის აზრით, "ალიანსის სიბრმავე" საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეში აგდებს. მისი თქმით, საქართველოსთვის MAP-ის არმიცემა, რუსეთს დააჯერებს, რომ მათ შანტაჟით საკუთარი მიზნების მიღწევა შეუძლიათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ უკეთესი მდგომარეობა აქვს. სტატიაში წერია, რომ 2014 წელს გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას, ამ ზაფხულში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება უნდა მოჰყოლოდა, თუმცა გერმანია, საფრანგეთი და იტალია ამ საკითხს ბლოკავენ, მიუხედავად ევროკომისიის დასტურისა, რომ თბილისმა უვიზო რეჟიმისთვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა.

Washington Post-ი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების წინააღმდეგია პოლონელი დეპუტატი იაცეკ სარიუშ-ვოლსკიც, რომელიც ქართულ ოცნებას "ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვასა" და მედიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ საქართველოში დასავლეთისადმი იმედგაცრუება იზრდება და ეს რუსეთს აძლევს ხელს.

"საქართველოში პრორუსული ძალები, პოლიტიკური პარტიები, პრორუსული მედია და ოლიგარქები, ქართველებს ეუბნებიან, რომ დასავლეთმა მათ უღალატა. ამ განცხადებების მთავარი მესიჯი კი ერთია - ჯობს, მიმართულება შევცვალოთ", - წერს Washington Post-ი.

კომენტარები