NDI-ის ანგარიში

NDI: მოსახლეობის შეფასებით, პარტიები ყურადღებას წარსული წყენის განხილვას უთმობენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაცია დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ეკონომიკური მდგომარეობა აწუხებთ. NDI აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, მოსახლეობის შეფასებით, პოლიტიკური პარტიები ძირითად ყურადღებას პირად დაპირისპირებებსა და წარსული წყენის განხილვას უთმობენ.

"ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავის პოლიტიკურ არჩევანთან დაკავშირებით გადაუწყვეტელია. თუ მოსახლეობა პოლიტიკური სისტემიდან თავს გარიყულად იგრძნობს, ამან, დროთა განმავლობაში, შეიძლება, ქვეყანაში დემოკრატიული წყობა დაასუსტოს და ასპარეზი ნაკლებად დემოკრატიულ ძალებს გაუხსნას. ამ ეტაპზე ძალიან ადრეა პარტიების და კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიების შეფასება, თუმცა პარტიების ლიდერებთან NDI-ის დელეგაციის შეხვედრა-დისკუსიებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთისგან რთული გასარჩევი იქნება, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც პარტიები თავს ერთმანეთისგან განსხვავებულად თვლიან. პოლიტიკური დისკუსიები შესაძლებელია, კვლავ გადაფაროს ისეთმა საკითხებმა, რომელიც, საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, ამომრჩევლისთვის ნაკლებად საინტერესოა", - წერია ანგარიშში.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო დელეგაციის რეკომენდაციით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოკვეთონ და წარადგინონ ნათელი პლატფორმები სოციალური და პოლიტიკური რეფორმების პოზიტიური ხედვის ასახსნელად.

"პარტიებმა და კანდიდატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ საჯარო დებატებში, რაც ამომრჩეველს საშუალებას მისცემს, გაიგოს არსებითი პოლიტიკური განსხვავებები. ამასთანავე, პარტიებმა და კანდიდატებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი სიტყვით გამოსვლისგან და ქცევისგან, რაც აკნინებს საზოგადოების ნდობას პოლიტიკური პროცესის მიმართ", - ნათქვამია ანგარიშში.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაცია 13-17 ივნისის პერიოდში თბილისში შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, სხვადასხვა პარტიას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფებს, ასევე, მედიის, საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

კომენტარები