არჩევნები 2016

NDI: კორცხელის ძალადობას ნელი და ჯერჯერობით არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციამ ანგარიში და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. NDI-ის განცხადებით, 22 მაისის კორცხელის ინციდენტზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებით გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და ისინი სწრაფად უნდა გასამართლდნენ. მათი შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი არჩევნებთან მიმართებით ძალადობის შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით.

"მათ, ვინც კანონს დაარღვევს, ბრალი უნდა წარედგინოს და გასამართლდნენ შესაბამისად, თანმიმდევრულად და სწრაფად, რომ ამან შემაკავებელი ეფექტი იქონიოს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა აღასრულოს თავისი გაცხადებული მიზანი და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება კამპანიის დარღვევებზე, ამის შესახებ სანდო ინფორმაციის არსებობის შემთხვევებში. კომისიამ უნდა შექმნას ძალადობის ან საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმი. კომისიამ ხელი უნდა შეუწყოს კონსტრუქციული, ინკლუზიური და თანამშრომლობითი სამუშაო გარემოს შექმნას", - ნათქვამია NDI-ის რეკომენდაციებში.

ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო დელეგაციასთან შეხვედრების დროს, კანონის სამართლიანი და თანმიმდევრული გამოყენების საჭიროება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. ანგარიშში წერია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, ასევე მმართველ პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ნდობა, რომ საარჩევნო დავებსა თუ ფიზიკურ დაპირისპირებებზე პოლიცია, პროკურატურა ან სასამართლო დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტურად შეძლებს რეაგირებას.

"არსებობს ფართო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა უფრო მეტი თანმიმდევრულობა პოლიციის ქმედებებში და უფრო მეტი დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა სასამართლო სისტემაში. დელეგაციამ არაერთხელ მოისმინა საქმეების გამოძიების გაჭიანურების, საქმეების მსვლელობაში შერჩევით მიცემის, წინასწარი პატიმრობის არათანმიმდევრული გამოყენების, მოსამართლეებზე ზეწოლისა და სანქციების არათანაბარი გამოყენების შესახებ. დელეგაციასთან შეხვედრისას რესპონდენტებმა ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი რამდენიმე შემთხვევა არაერთხელ მოიყვანეს იმის მაგალითად, რომ პოლიციისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მაინცდამაინც არ ვრცელდება", - წერია NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მაისში, კორცხელში მომხდარ ძალადობას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან "ნელი და ჯერჯერობით არაადეკვატური" რეაგირება მოჰყვა.

"ექვს პირს ბრალი წაუყენეს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტიებმა, მათ შორის მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ეჭვის ქვეშ დააყენეს შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავების დაგვიანებული მისვლა და აღნიშნული ფაქტის დაგვიანებული გამოძიება. აღნიშნული შეყოვნებები შეადარეს სწრაფ და შედეგის მქონე გამოძიებასთან, მათ შორის - წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან, ერთი შეხედვით ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული ოპოზიციის აქტივისტებისა და დემონსტრაციებში მონაწილე პირების მიმართ. ამან და სხვა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის შეამცირა ნდობა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის შესაძლებლობაში, გააკონტროლოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები", - წერია ანგარიშში.

წინასაარჩევნო დელეგაცია ასევე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელის ინციდენტის შემდეგ პოლიციისთვის ახალი რეგულაციები შეიმუშავა. ასევე, პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც გაამკაცრებს სასჯელს საარჩევნო კამპანიის დროს ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე.

"ეს ინიციატივები პოტენციურად დადებით ნაბიჯებს წარმოადგენს, თუმცა ისინი უნდა განხორციელდეს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ სამართლიანი და სწრაფი რეაგირების პარალელურად. ძალადობასთან და პოლიტიკურ ჩარევებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა მოითხოვს ერთობლივ პოლიტიკურ ნებას და კეთილსინდისიერ მცდელობებს მთავრობის მხრიდან, რეაგირება მოახდინოს დამოუკიდებელი და ოპოზიციური პირების დასაბუთებულ საჩივრებზე. ეს უნდა მოიცავდეს ბოლოდროინდელი დანაშაულებების მიმართ ადეკვატური სანქციების დაწესებას და სამომავლო დაძაბულობასთან ეფექტურად გამკლავებას. პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს აქვთ შესაბამისი ვალდებულება, მოიქცნენ შეგნებულად და მშვიდობიანად", - წერია NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.

კომენტარები