კორცხელის ინციდენტი

ვლადიმერ გეგეშიძე კალა კაპიტალისა და "კალატოზასგან" ფულის აღებას უარყოფს

კორცხელის ინციდენტში მონაწილე ვლადიმერ გეგეშიძე უარყოფს ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კალა კაპიტალისა და დავით ქარსელაძისგან (იგივე კალატოზა) ანგარიშზე $25 000 ჩაერიცხა.

"ტყუილია, არაფერი არ ჩამრიცხვია და რა ვიცი. დაამტკიცონ, ეს ყველაფერი ტყუილია", - ამბობს გეგეშიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

"არა, არ მაინტერესებს", - ასე პასუხობს კორცხელის ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე კობა ტყეშელაშვილი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის კალა კაპიტალის მიერ ფულის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დღეს წარმოადგინა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ანგარიშებზე ვლადიმერ გეგეშიძეს 25 000, ხოლო გიორგი გიგაურს 10 000 ამერიკული დოლარი ჩაერიცხათ. პარტიის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო კავშირი კორცხელის ინციდენტთან.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილს, გრიგოლ ტყემალაძესა და ვლადიმერ გეგეშიძეს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინათ, 3 ივნისს კი ზუგდიდის სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა.

კომენტარები