კორცხელის ინციდენტი

ენმ: კორცხელის ინციდენტში მონაწილეებს კალა კაპიტალისგან ფული გადაერიცხათ

გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისთვის კალა კაპიტალის მიერ ფულის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინა. ირმა ნადირაშვილისა და ოთარ კახიძის თქმით, პარტია "ძალადობრივ ჯგუფთან" ვიცეპრემიერ კახა კალაძის კავშირზე თავიდანვე საუბრობდა, ამ დოკუმენტებით კი ეს კავშირი უტყუარად დასტურდება.

"რუსული სააქციო საზოგადოება ალფა ბანკის მხრიდან 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილების N0978-NRB/017 და N0979-NRB/017 - თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მარია შევჩენკო, ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ, იგივე "კალატოზამ" ალფა ბანკში გახსნა ორი ანგარიში კორცხელში "გამოჩენილი" ორი მოძალადის ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე.

ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მაისს, 16 საათსა და 08 წუთზე, "კალა კაპიტალ ლიმიტედისგან" ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზასგან 17 საათსა და 54 წუთზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი.

მეორე დოკუმენტის თანახმად, იმავე დღეს, 16 საათსა და 37 წუთზე, "კალა კაპიტალ ლიმიტედისგან" გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დავით ქარსელაძე არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი - ამჟამად რუსეთის მოქალაქე - რომელიც 2000-იან წლებში საქართველოდან რუსეთში გადაბარგდა. მისი ძმა, ასევე ყოფილი მოჭიდავე, ვასილ ქარსელაძე, კახი კალაძის უშუალო ლობირებით სულ ცოტა ხნის წინ იქნა არჩეული თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად და ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში. წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ ვიცეპრემიერ კალაძის უშუალო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე მის სავარაუდო მონაწილეობაზე კორცხელში ორგანიზებული ძალადობის დაკვეთასთან, ანგარებითი მოტივით", - აცხადებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

პარტიის წევრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო მონაწილეობა ზემოაღნიშნულ დანაშაულში.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნოშრევან წურწუმიას, გიორგი გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილს, გრიგოლ ტყემალაძესა და ვლადიმერ გეგეშიძეს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინათ, 3 ივნისს კი ზუგდიდის სასამართლომ მათ გირაო შეუფარდა.

კომენტარები