ვანო მერაბიშვილის საქმე

თავდემები: მერაბიშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ის კრიმინალი და საშიში დამნაშავეა

თავისუფალი დემოკრატების წევრები ტაბულასთან საუბარში განმარტავენ, რატომ არ მიიჩნევენ ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მაშინ, როცა 2012 წელს მხარი დაუჭირეს შკრილნიკოვის, ჩახალიანის და სხვების პოლიტპატიმრებად აღიარებას.

პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გია ცაგარეიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით თავისუფალი დემოკრატების პოზიცია ყველასთვის ცნობილია.

"ჩვენ არ მივიჩნევთ მას პოლიტპატიმრად. ჩვენ მივიჩნევთ მას კრიმინალად, საშიშ დამნაშავედ და ის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, სამართლიანად და კანონიერად არის მოთავსებული. მოგახსენებთ, რისთვის არის მოთავსებული - ხალხის ტანჯვა-წამებისთვის, ხოცვისთვის, მიტინგების დარბევისთვის, პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, მოსმენისთვის, დასმენისთვის, ჩაშვებისთვის და მთელი ის უბედურებებისთვის, რაც ნაძირალა სააკაშვილთან ერთად დაატრიალა ამ ქვეყანაში. ეს კარგად ჩაიწერეთ, მიუტანეთ თქვენს მთავარ რედაქტორს და აჩვენეთ მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ, გიორგი ცაგარეიშვილი და თავისუფალი დემოკრატები რას ფიქრობენ ივანე მერაბიშვილზე, მიხეილ სააკაშვილსა და სხვა კრიმინალებზე, რომლებმაც ტანჯვა -წამებაში სული ამოხადეს ამ ხალხს. და ახლა მე ახალ ნელსონ მენდელად უნდა წარმოვიდგინო ივანე მერაბიშვილი? ისე არ ეტკინოს გვერდები ნაციონალურ მოძრაობას" - ამბობს ცაგარეიშვილი.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი, ვანო მერაბიშვილი "დანაშაულებრივი რეჟიმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო". მისი თქმით, 7 წლის წინ, 15 ივნისს, ქალაქის სამმართველოსთან, "ვანო მერაბიშვილის დავალებით დააკავეს უდანაშაულო ბიჭები და მათ სასტიკად გაუსწორდნენ". აბაშიძე აღნიშნავს, რომ "მაშინ, მე მომაყენეს სხეულის ისეთი მძიმე დაზიანებები, რომ პრაქტიკულად დღეს რომ ცოცხალი ვარ, ეს არის ძალიან გასაკვირი".

"ვანო მერაბიშვილი არის კრიმინალი, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ის დანაშაულებრივი რეჟიმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ყოველთვის და დარჩება ჩემთვის", - ამბობს აბაშიძე.

პარტიის კიდევ ერთი წევრის ვიქტორ დოლიძის თქმით კი, "ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილმა სადამსჯელო მანქანამ უზრუნველყო ის, რომ ათასობით ადამიანი ციხეებში სწორედ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ისხდა. ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, ერთად გამოვეცით ჰუმანური აქტი, ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და მე ერთი წუთით არ ვნანობ ამას, რა თქმა უნდა, სწორი გავაკეთეთ. თუმცა, შესაძლებელია, ვიღაც ისეთები მოყვნენ [ე.წ პოლიტპატიმრების სიაში], ვინც არ უნდა მოყოლოდნენ, რამდენიმე ამდაგვარი შეიძლება იყოს. მაგრამ ერთი წუთითაც არ მინანია იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო ჰუმანური აქტი. ეს იყო სწორი... რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პატიმრობას, თუ მას პოლიტპატიმარი ჰქვია, მაშინ მე ევროპარლამენტის პრეზიდენტი ვარ. გჯერათ? ყველაფერს თავის სახელს თუ არ დავარქმევთ და სიმართლეს არ ჩავხედავთ თვალებში, გაგვიჭირდება მომავლის აშენება".

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლო მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.
 
კერძოდ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.3 და 18 მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების ან შეუძლებლად გახდომის მიზნით პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე.

კომენტარები