დიდი და წმიდა კრება 2016

სინოდს გადაწყვეტილება ერთსულოვნად არ მიუღია - მეუფე გრიგოლის სიტყვა

მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი
facebook.com/grigol.berbichashvili
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა, 10 ივნისის წმიდა სინოდის სხდომაზე წარმოთქვა სიტყვა, სადაც 16-26 ივნისს დაგეგმილ დიდ და წმიდა კრებაზე საქართველოს მარტლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის გამგზავრებას დაუჭირა მხარი. მეუფე გრიგოლმა წმიდა სინოდის სხდომაზე განაცხადა, რომ კრეტის კრებაზე არწასვლით ეკლესია გააძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს, რომ ის რუსეთის ორბიტაზე რჩება. საბოლოოდ წმიდა სინოდმა მიიღო კრებაზე არწასვლის გადაწყვეტილება. მეუფე გრიგოლის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:
 

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ!

ყოვლადსამღუდელონო მღვდელმთავარნო!

25 მაისს, ორი კვირის წინ შედგა წმ. სინოდის სხდომა, რომელზედაც ჩვენ განვიხილეთ დიდი და წმიდა კრების წინა საკრებო დოკუმენტებისადმი კრიტიკული შენიშვნები და განვსაზღვრეთ საქართველოს ეკლესიის პოზიცია, რომლითაც ჩვენი დელეგაცია უნდა წარდგეს დიდ და წმიდა კრებაზე; ასევე დაზუსტდა შეკრებაზე წამსვლელ მღვდელმთავართა და დელეგაციის დანარჩენ წევრთა შემადგენლობა. აღნიშნული სინოდის მიერ მოსმენილ და გაზიარებულ იქნა პროფესორ ედიშერ ჭელიძისა და ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის – მეუფე სტეფანეს კრიტიკული შენიშვნები საკრებო დოკუმენტების მიმართ, რაც ჩამოყალიბდა კიდეც საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციად; ამასთან დაკავშირებით მე გამოვთქვი მაშინ ჩემი მოსაზრება და ინიციატივითაც შემოვედი, რომ შეგვექმნა საკონსულტაციო საბჭო თეოლოგთა უფრო ფართო და აკადემიური შემადგენლობით; წმიდა სინოდმა გაიზიარა და მის ოქმშიც აისახა იგი, თუმცა იქვე ითქვა, რომ დარჩენილ მოკლე დროში არ მოესწრებოდა ამ საბჭოს შეკრება და შემდგომ სინოდის მოწვევა. შესაბამისად, ეს დადგენილება ჯერ-ჯერობით ქაღალდზე რჩება. დღეს, გასული შეკრებიდან სულ რაღაც ორი კვირის თავზე კვლავ შეიკრიბა წმიდა სინოდი, ამჯერად უკვე საგანგებო რეჟიმში, და ვიხილავთ ერთად-ერთ საკითხს: წავიდეს თუ არა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია საერთო მართლმადიდბლურ შეკრებაზე კუნძულ კრეტაზე. დღეს განმეორებითი მსჯელობის საგანი გახდა კეტაზე წასვლა-არწასვლის თემა, როცა გასულ სხდომაზე უკმაყოფილებაც კი იგრძნობოდა მათ მიმართ, ვინც სხვადასხვა მიზეზებით უარი განაცხადა გამგზავრებაზე. ახლა მე ვსვამ კითხვას:

– ამ ორი კვირის განმავლობაში რა მოხდა ისეთი, რაც გახდა სინოდის საგანგებოდ შეკრების მიზეზი? რასთან გვაქვს საქმე? ხომ არ ხდება რამე ისეთი, რაც ჩვენ, სინოდის წევრებმა უნდა ვიცოდეთ და არვიცით?

რაც აქ მოვისმინე, სიახლეს არ წარმოადგენს და თუ ორი კვირის წინ დადებითად შეფასდა სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაო დიდი და წმიდა კრების წინა მოსამზადებელ პერიოდში და გადაწყდა საქართველოს ეკლესიის დელეგაციისგამგზავრება, დელეგაციის წევრთა სიაც კი დაზუსტდა, რა მოხდა ამ მოკლე ხანში ისეთი, რაც წმიდა სინოდის სრულმა შემადგენლობამ უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით?!

გარემოებები, (ცხრა პუნქტი), რომლებიც დღეს იქნა დასახელებული გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას მიერ, რომელიც ბრძანდება დიდი და წმიდა კრების სამდივნოს წევრი, ძირითად ნაწილში ცნობილი იყო მანამდეც (სიახლეს მხოლოდ ბულგარეთისა და სერბეთის ეკლესიების პოზიციებია; პირველმა უარი თქვა მონაწილეობაზე, მეორემ სურვილი გამოთქვა, რომ გადაიდოს კრება და დაგეგმილ კრებას სტატუსი შეეცვალოს); ... და მიუხედავად ამისა, სინოდმა მაინც შესაძლებლად ჩათვალა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის გამგზავრება და მონაწილეობა დაგეგმილ შეკრებაში, რომლის განსახილველი ექვსი დოკუმენტიდან ხუთ მათგანზე ჩვენი ეკლესიის სახელით თანხმობა დადასტურებულია ჩვენივე წარმომადგენლის ხელმოწერით; არ არის ხელმოწერილი მხოლოდ შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებული დოკუმენტი.

ერთად-ერთი ახალი გარემოება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ის არის, რომ ბულგარეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა უარის თქმა დიდ და წმიდა კრებაში მონაწილეობაზე, ხოლო სერბეთმა ითხოვა კრების გადადება, და დაგეგმილ შეკრების სტატუსის შეცვლა. საგულისხმოა, რომ ასევე იმართება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, სადაც ბულგარეთის ეკლესიის მიერ კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, განსახილველად გატანილია რუსეთის ეკლესიის მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხი, რადგან, მათივე განცხადებით, მასში აღარ არის სისავსე მართლმადიდებელი ეკლესიისა.

მე მსურს თქვენი ყურადღება მივაქციო შემდეგ საკითხებს:

– ჯგუფმა, რომელიც საქართველოს ეკლესიის სახელით მონაწილეობდა წმიდა და დიდი კრების მომზადების პროცესში, იშრომა რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც მათგანვე ვისმენ, ურთულესი აღმოჩნდა პოზიციების დაცვა. ყოველივე ამას ჩვენ მას შემდეგ კი არ უნდა ვისმენდეთ, როცა ხელმოწერებით დაადასტურეს თანხმობა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც დღეს მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, არამედ ბევრად ადრე უნდა გვემსჯელა და მსჯელობის პროცესში აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული კვალიფიციურ თეოლოგთა სრული რესურსი, რაც კი გააჩნია საქართველოს ეკლესიას; სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა; ამ შემთხვევაში ჩვენ აქ უნდა მოვისმინოთ ან დაშვებული შეცდომის აღიარება, ან ის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ არ ვიცით.

სამწუხაროდ არაფერი ამის მსგავსე ჩვენ არ გვესმის!

ახლა, შემდეგი:

თუ საქართველოს ეკლესია უარს იტყვის ამ შეკრებაში მონაწილეობაზე, ასეთ შემთხვევაში რა შედეგს ველით?

– კრება ჩაიშლება, და თავს დავაღწევთ უხერხულ მდგომარეობას? – მე ასე არ მგონია; კრებაზე არ წასვლით კი ჩვენ გავაძლიერებთ საზოგადოებაში ისედაც არსებულ ეჭვებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ორბიტაზე რჩება და ამას, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის სავარაუდოდ ექნება შესაბამისი შედეგებიც, რაც არ იქნება კარგი.

აქ ასევე ითქვა, რომ დიდ და წმიდა კრებაზე დასწრების შემთხვევაში, ქართული დელეგაცია ვერ შეძლებს თავისი პოზიციების დაცვას.

– დიახ, თუ ჩვენი პოზიციები საფუძვლიან თეოლოგიურ არგუმენტებს მოკლებულია, არა თუ მის დაცვას ვერ შევძლებთ, არამედ შესაძლოა უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოვჩნდეთ.

– მაგრამ თუ დარწმუნებულნი ვართ წმიდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში და თანაც საამისოდ მყარი და უტყუარი საფუძველი გავქვს, რა დაგვიდგება წინ, რატომ ვაცხადებთ უარს წასვლასა და ქართული ეკლესიის მიერ გაცხადებული პოზიციების დაცვაზე იქ, ძმათა შორის, სადაც ამას განსაკუთრებული მნისვნელობა ენიჭება?! ეს ხომ იქნება ჭეშმარიტების დამოწმება, რაც წინა სხდომაზე მოვისმინეთ?! სად გაქრა ჩვენი ოპტიმიზმი?!

მიმაჩნია, რომ კრებაზე არ წასვლით ჩვენ პრობლემას არათუ ვაგვარებთ, არამედ ვაღრმავებთ კიდეც.

– რა გამოსავალს ვხედავ შექმნილ ვითარებაში დღეს და ახლა?

მიმაჩნია, რომ დელეგაცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაემგზავროს კრებაზე და იქ დაიცვას თავისი პოზიცია; მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ ცალსახად მნიშვნელოვანი მისიაა.

თუ წმიდა სინოდს მიაჩნია, რომ უწმიდესი პატრიარქი შესაძლოა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ადგილობრივი ეკლესიების მეთაურთა წინაშე, ასეთ შემთხვევაში გთავაზობთ:

ა) საქართველოდან დელეგაცია გაემგზავროს ნებისმიერი შემადგენლობით, თუნდაც რამდენიმე მღვდელმთავარი და მათ შორის აუცილებლად უნდა იყოს ბერძნული ენის მცოდნე მეუფე; ამ დელეგაციას აუცილებლად უნდა გაჰყვეს თეოლოგთა ჯგუფი და მათ შორის ბატონი პროფესორი ედიშერ ჭელიძე, რათა წმიდა კრების წინაშე მოხდეს იმის დამოწმება, რის შესახებაც ვისმენთ აქ, ამ ჩაკეტილ სივრცეში.

ბ) დელეგაციის ხელმძღვანელს უნდა მიენიჭოს ლეგიტიმაცია, ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედოს ისე, როგორც ამას ეკლესიის ინტერესი ითხოვს, თუნდაც კრების დატოვებაც მოუხდეს.

გ) დიდ და წმიდა კრებაზე საქართველოს წარმომადგენელმა უნდა ისაუბროს აუცილებლად ქართულ ენაზე; სამწუხაროდ ჩვენ დღემდე აღვიქვამენ, როგორც რუსული სააზროვნო სივრცის წარმომადგენლებს და შესაბამისად – როგორც რუსეთის ეკლესიის სატელიტს. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა ჩვენი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

თქვენო უწმიდესობავ, ძვირფასო მეუფენო და ძმანო, მე მოგახსენეთ ყოველივე ის, რასაც ვფიქრობ.

შემინდეთ, თუ ვინმეს არ მოწონება ეს აზრი და არ გაიზიარებს. კრებაც ხომ იმისთვის არის, რომ ვიმსჯელოთ და საბოლოოდ მივიღოთ შეჯერებული, შეწონილი გადაწყვეტილება. გმადლობთ ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ ვითხოვ შენდობას!

† გრიგოლი (ფაზისელი)

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

10.06.2016.

კომენტარები