აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ბარაკ ობამამ ჰილარი კლინტონს ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა

AFP

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს, ჰილარი კლინტონს, პირველად, ღია და ოფიციალური მხარდაჭერა გამოუცხადა.

"მსურს მივულოცო კლინტონს ისტორიის შექმნა, როგორც დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს. მე ვიცი რამდენად რთულია ეს სამუშაო და ამიტომაც, ვიცი რამდენად კარგად შეასრულებს მას ჰილარი. რეალურად, არ მგონია, ისტორიაში არსებობდეს იმაზე უფრო კვალიფიციური კანდიდატი ვიდრე ჰილარია. მას პრეზიდენტობისთვის ყველაფერი აქვს. მე მასთან ვარ და მსურს რაც შეიძლება მალე ჩავერთო მის კამპანიაში", - ამბობს ობამა ვიდეომიმართვაში.

ამერიკის პრეზიდენტისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია მომავალ კვირაში იგეგმება.

ობამა უკვე შეხვდა, დემოკრატების მეორე კანდიდატ ბერნი სანდერსს. თეთრ სახლში გამართული 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ, კლინტონს მხარდაჭერა სანდერსმაც გამოუთქვა.

"ვესაუბრე ყოფილ სახელმწიფო მდივან კლინტონს და მივულოცე ბრწყინვალე კამპანიის ჩატარება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს და ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და შევქმნათ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს ხალხს და არა მხოლოდ 1 %-ს.", - აღნიშნა სანდერსმა.

აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს ჩატარდება. დემოკრატიული პარტია კი პრეზიდენტობის კანდიდატს პარტიულ ყრილობაზე, ივლისში დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ჰილარი კლინტონმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის საჭირო მინიმალური, 2383 დელეგატის მხარდაჭერა, უკვე დააგროვა. ამ ეტაპზე მას 2755 დელეგატის ხმა აქვს. მის კონკურენტ ბერნი სანდერსს კი - 1852.

კომენტარები