რუსთავი 2-ის საქმე

ბიბილაშვილი: დავალებაა, რომ უზენაესმა არ მიიღოს წარმოებაში ჩვენი საჩივარი

ტაბულა

ადვოკატ ზაზა ბიბილაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლების დავალებაა, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საჩივარი წარმოებაში არ მიიღოს. ბიბილაშვილი გარემოებებზე საუბრობს და ამბობს, რომ საკასაციო სასამართლო ვალდებულია, საჩივარი მიიღოს.

"ხელისუფლების მოლოდინია, რომ საკასაციო სასამართლო ჩვენს საკასაციო საჩივარს წარმოებაში არ მიიღებს და დაახლოებით აგვისტოს თვეში ისინი მოადგებიან თავისი ორკებით რუსთავი 2-ს ხელში ჩასაგდებად. რაც შეეხება იმას, სამართლებრივად უნდა მიიღოს თუ არა საკასაციო სასამართლომ ჩვენი საჩივარი - ვინაიდან, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დატოვა ძალაში, თავდაყირა აყენებს მთელს ქართულ სამართლის სისტემას, ყველა ის ნორმა, პრაქტიკა დღეს გადახაზული და შეტრიალებულია, უზენაეს სასამართლოს იმის უფლებაც არ აქვს, რომ ამ საქმეს არ აქვს პრეცედენტული ძალა. ის ვალდებულია, მიიღოს ჩვენი საკასაციო საჩივარი.

დავალება ზუსტად ასეთია, რომ უზენაესმა სასამართლომ არ მიიღოს ეს საქმე წარმოებაში და აგვისტოში, როდესაც თბილისელები წასული არიან დასასვენებლად, როდესაც ელჩები ასევე წასულები არიან და როდესაც უცხოეთის დედაქალაქებში ყველაზე პასიური პერიოდია დიპლომატებისთვის, როცა რუსებისთვის და ივანიშვილის რეჟიმისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა მოქმედებისთვის, მაშინ მოხდეს რუსთავი 2-ზე თავდასხმა", - თქვა ბიბილაშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა. საქმის განხილვა მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, 7 ივნისს დაასრულა.

დღეს სასამართლომ არ განიხილა რუსთავი 2-ის მხარის გუშინდელი შუამდგომლობა, რომელიც კვალიფიკაციის არქონის გამო მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას გულისხმობდა. მოსამართლე ნატა ნაზღაიძის თქმით, საქმის განხილვა უკვე დასრულებულია და სწორედ ამიტომ დარჩა შუამდგომლობა განუხილველი.

კომენტარები