ქართული ოცნება

პრემიერი: კალაძის კაპიტნის თვისებები არჩევნებზე მნიშვნელოვანი იქნება

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე, პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსად წარადგინა. კვირიკაშვილის თქმით, კალაძის გამოცდილება პარტიას გამარჯვებაში დაეხმარება.

"დღეიდან ჩვენ გადავდივართ წინასაარჩევნო რეჟიმზე. 4 თვე გვაშორებს არჩევნებს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გავიაროთ... მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი საარჩევნო შტაბის უფროსი, კახა კალაძე, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას გააჩნია ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერული თვისებები და გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პარტიისთვის, წინასაარჩევნო პერიოდის ღირსეულად ჩატარებისა და გამარჯვების მოსაპოვაბლად.

კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ღირსეულ გამარჯვებას, რაც, თავისთავად, საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს. მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა იყოს ვნებათაღელვა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს და ამ მიმართულებით, ჩვენ როგორც სახელისუფლებო ძალას გაათმაგებული პასუხისმგებლობა გვაკისრია", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

დღეიდან წინაასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. შესაბამის განკარგულებას პრემიერმინისტრმა ხელი უკვე მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შედის გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციები. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უწყებაში 27 პარტიის განაცხადია შესული და მათგან რეგისტრაცია ხუთს აქვს გავლილი. ცესკოში აცხადებენ, რომ არჩევნების ჩასატარებლად მზად არიან.

კომენტარები