დაიცავი თავისუფლება

ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი: კონცერტის წინააღმდეგი არ ვართ

ტაბულა

ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა თამარაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტი არ არის წინააღმდეგი - ქალაქში ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" კონცერტი ჩატარდეს. ტაბულასთან საუბარში თამარაშვილი ამბობს, რომ მთავარია, კონცერტის დროს, საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხდეს. მისი თქმით, "ჩვენ თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიყავით". თამარაშვილის აზრით, "ალბათ ჩვენი წერილი არასწორად გაიგეთ". 

"ჩვენი პოზიცია გუშინაც ასეთი იყო და წინა დღეებშიც. წინააღმდეგი არ ვართ, რომ ჩვენს ქალაქში ჩატარდეს კონცერტები. აქციები, არანაირი პრობლემა არ არის. უბრალოდ, ჩვენი თხოვნაა ასეთი, რომ მანქანის სავალ გზაზე არ მოხდეს გადასვლა და არ შეფერხდეს მოძრაობა. თეატრის მარჯვენა მხარეს არის სავალი ნაწილი და ჩვენ ვიგულისხმეთ, რომ შესაძლებელი იყო ამგვარი მასობრივი ღონისძიების შემთხვევაში, მომხდარიყო გარკვეული შეფერხება. თუ ასეთი რამე არ მოხდება, რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგო არც ამ კონცერტის და არც ამ აქციის არაფერი არ გვექნება", - ამბობს მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ზაზა თამარაშვილი ადასტურებს, რომ დაიცავი თავისუფლებას კონცერტის გამართვაზე მერიისგან ნებართვის აღება არ სჭირდებოდა.

"წერილი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ატარებენ ამგვარ ღონისძიებას. ნებართვას არ ითხოვდნენ. უბრალოდ, ჩვენ იმ კანონიდან გამომდინარე, რასაც ისინი ეყრდნობოდნენ, ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ. ეს კანონი გულისხმობს იმას, რომ თუ მოხდება სავალ გზაზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხება, მაშინ რაღაც გარკვეული სხვაგვარი მოქმედებებია საჭირო. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამგვარი რამ არ მოხდება, არანაირი პრობლემა არ იქნება კონცერტის ჩატარების. ასევე, ჩვენი თხოვნაა, რომ ამ დღეს მესხეთის თეატრში იმართება სპექტაკლი და შესაძლოა, რომ გარკვეული შეფერხება იყოს. თუ მესხეთის თეატრის ადმინისტრაცია და კონცერტის ორგანიზატორები შეთანხმდებიან, რომ ეს ორი დიდი ღონისძიება ერთმანეთს არ შეუშლის ხელს, არაფერი არ გვექნება საწინააღმდეგო, რომ ჩატარდეს კონცერტი", - ამბობს თამარაშვილი და იქვე ეთანხმება ჟურნალისტს, რომ შეკრების თავისუფლებას კანონი ამ შემთხვევაშიც იცავს.

კითხვაზე, "ანუ დღეს სცენის დადგმა პრობლემა არ იქნება?", თამარაშვილი პასუხობს - "არ უნდა იყოს" და აღნიშნავს, რომ "ჩვენ თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიყავით". 

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მერიის წერილს, სადაც ნათქვამია, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის საწინააღმდეგო კონცერტის გამართვა უკანონოდ ჩაითვლება, სწორედ ზაზა თამარაშვილი აწერს ხელს.

"თქვენი მიმდინარე წლის 06 ივნისის განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ ქ. ახალციხეში მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ (თამარ მეფის ქ. №6) კონცერტის ჩატარებას, აღნიშნულ განცხადებას არ ახლავს ღონისძიების გეგმა. გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"-ს მე-16 მუხლის "ო" ქვეპუნქტის და საქართველოს კანონი შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ" მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღნიშნული გაფრთხილება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა, რაც თქვენს მიერ დაცული არ არის. გაფრთხილებაში არ არის მითითებული აღნიშნული კონცერტის მიზანი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა, მარწმუნებლის ვინაობა, გაფრთხილებას არ ერთვის რწმუნების დამადასტურებელი საბუთი და სხვა მონაცემები, რითაც დარღვეულია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნა.

8 და 9 ივნისს მესხეთის სახელწიფო დრამატულ თეატრში დანიშნულია სპექტაკლები საღამოს 7 საათზე. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული კონცერტი ხელს შეუშლის თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი გარემოებები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედება ჩაითვლება უკანონოდ", - ნათქვამია წერილში.

კომენტარები