აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

კლინტონი: ტრამპის გამარჯვება კრემლს გაახარებს

CNN

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლის, ჰილარი კლინტონის მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის, ფაქტობრივად, უკვე კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვება მხოლოდ კრემლსა და ოფიციალურ პეკინს გაახარებს.

"მოსკოვს და პეკინს ჩვენი მოკავშირეების შურთ, რადგან მათი საპირწონე არაფერი აქვთ. ამ ქვეყნებს გაუხარდებათ, თუ ავირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც აშშ-ის ძლიერებას საფრთხის ქვეშ დააყენებს. თუ ტრამპი თავისას გაიტანს, კრემლში ზეიმს მოაწყობენ. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს",- აღნიშნა კლინტონმა.

განცხადებას დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. მისი თქმით, კლინტონი ნდობას საერთოდ აღარ იმსახურებს და ის დაპატიმრებული უნდა იყოს, რადგან სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას, სამსახურეობრივ ელექტრონულ წერილებს პირადი სერვერიდან აგზავნიდა და ამით ამერიკის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.

დონალდ ტრამპის რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე ეტაპიღაა დარჩენილი. ტრამპმა კანდიდატობისთვის აუცილებელ დელეგატთა მინიმალური რაოდენობა უკვე დააგროვა, მისმა კონკურენტებმა კი საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

ჰილარი კლინტონს საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის საჭირო დელეგატების მინიმალურ რაოდენობამდე 70 დელეგატი აკლია, ბერნი სანდერსს კი 837.

დემოკრატებს შორის შიდაპარტიული არჩევნები ჩრდილოეთ დაკოტას, კალიფორნიის, მონტანას, ნიუ ჯერსის, ნიუ მექსიკოს, სამხრეთ დაკოტას, ვაშინგტონის (კოლუმბიის ფედერალური ოლქი) შტატებშია დარჩენილი.

რესპუბლიკელებს შორის შიდაპარტიული არჩევნები კი კალიფორნიის, მონტანას, ნიუ ჯერსის, ნიუ მექსიკოს და სამხრეთ დაკოტას შტატებში დარჩა ჩასატარებელი.

კომენტარები