ყალბი ფული

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ე.წ. კანონიერი ქურდი და კიდევ 4 პირი დააკავეს

Reuters

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი - აზიზ შ, ბონდო ი, ზაურ ჯ, თემურ ს. და წარსულში არერთხელ, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდობისათვის ნასამართლევი, პლატონ მ. დააკავა.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ "კანონიერი ქურდობისთვის" წარსულში ნასამართლევმა პლატონ მ-მ, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ოთხ წევრთან ერთად, ორგანიზება გაუკეთა დიდი ოდენობით ყალბი 100 დოლარიანი კუპიურების გასაღებას, რა დროსაც, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს დაჯგუფების 3 წევრი, ხოლო პლატონ მ-სა და თემურ ს-ს აყვანა მოხდა მათი საცხოვრებელი სახლებიდან.

დაკავებულთა ბინებისა და პირადი ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით, სხვადასხვა უცხო ქვეყნის ვალუტას მიმსგავსებული ბანკნოტები, რომლებზეც დანიშნულია ექსპერტიზა მათი წარმომავლობისა და სიყალბის დადგენის მიზნით",- წერია სამსახურის განცხადებაში.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები