ლგბტ უფლებები

საქართველოში გავრცელებული მითები ჰომოსექსუალთა შესახებ - WISG-ის ანგარიში

bastique / flickr

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებული მითები ჰომოსექსუალების შესახებ შემდეგნაირად გამოიყურება:

გამოკითხულთა 78% ნაწილობრივ ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ "ჰომოსექსუალთა რიცხვი მოიმატებს, თუ საზოგადოება არ განაცხადებს ხმამაღლა, რომ ჰეტეროსექსუალობა ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა".

შეხედულებას, რომ "ჰომოსექსუალობის მიმართ ყველგან და ყოველთვის ნეგატიური დამოკიდებულება არსებობდა და არსებობს", გამოკითხულთა 78.4% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება.

მითს, რომ "ჰომოსექსუალობა არ გვხვდება ცხოველებში და სხვა ცოცხალ არსებებში, გარდა ადამიანისა", ეთანხმება 63.4%. 

დებულებას, რომ "საქართველოში მცხოვრები ჰომოსექსუალები "დასავლური მოდის გავლენით იცვლიან" ორიენტაციას", სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება 57.2%. კვლევაში აღნიშნულია, რომ მითი ყველაზე პოპულარულია იმ რესპონდენტებში, ვინც ინფორმაციის წყაროდ მასწავლებლებს და სასულიერო პირებს ასახელებს (68.8% ეთანხმება, 6.3% არ ეთანხმება, 24.9% - ნეიტრალურადაა განწყობილი). კროსტაბულაციური ანალიზი აჩვენებს, რომ იმ რესპონდენტების თითქმის 3/4, ვინც ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო დისტანცირებული ურთიერთობის მომხრეა, სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს დებულებას იმის შესახებ, რომ "საქართველოში მცხოვრები ჰომოსექსუალები "დასავლური მოდის გავლენით" იცვლიან სექსუალურ ორიენტაციას", - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის თანახმად, თითქმის თანაბარია იმ რესპონდენტთა ჯამური პროცენტული მაჩვენებლები, რომლებიც ეთანხმებიან (37.8%) და არ ეთანხმებიან (37.6%) თვალსაზრისს, რომ "ჰომოსექსუალების ოჯახში აღზრდილი ბავშვი აუცილებლად ჰომოსექსუალი იქნება". არ არის გამოკვეთილი რადიკალური პოზიციები. აღნიშნული დებულება ნეიტრალურად შეაფასა რესპონდენტთა მცირე ნაწილმა (9.7%). მითი ყველაზე პოპულარულია იმ რესპონდენტებში, ვინც ინფორმაციის წყაროდ ქადაგებებს ასახელებს (61.5% ეთანხმება, 30.8% არ ეთანხმება, 7.7% ნეიტრალურადაა განწყობილი).

მითი, რომ "საქართველო ვალდებულია დააკანონოს გეი-ქორწინება ევროკავშირში გაწევრიანებისათვის", ყველაზე ნაკლებ პოპულარულია - აღნიშნულ დებულებას არ იზიარებს რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (72.5%).

WISG-მა კვლევის კვლევის ფარგლებში 2000 რესპონდენტი გამოკითხა.

კომენტარები