ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს გარდა, თურქეთი, უკრაინა და კოსოვო ასევე უნდა ელოდონ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადადებას, რადგან ევროგაერთიანება მიგრანტების კრიზისის გამო მეტ სიფრთხილეს იჩენს.
Reuters-ის ცნობით, ბრიუსელში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის, საფრანგეთი და გერმანია გამოვიდნენ.
"არ გვსურს მთელი პროცესის შეჩერება. უბრალოდ, მეტი სიფრთხილე გვმართებს", - ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი, ვის ვინაობასაც სააგენტო არ ასახელებს.
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრები საქართველოს საკითხზე მსჯელობას შესაძლოა, მომავალ კვირას დაუბრუნდნენ - მანამ, სანამ უკრაინის უფრო მეტად კონტროვერსიალური საკითხის განხილვას დაიწყებენ.
საკანონმდებლო ინიციატივა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა უნდა განიხილოს, რომელიც ბოლო სესიას 4-7 ივლისს მართავს და მუშაობას სექტემბრის შუა რიცხვებში განაახლებს. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდგომ, ინიციატივა უკვე ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს.





