რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმის გამო სააპელაციოს მოსამართლეებმა დღეს 11 პროცესი გადადეს

რუსთავი 2-ის საქმის განხილვის გამო, დღეს სააპელაციო სასამართლოში 11 სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, კოლეგიის მოსამართლეებს ნათია გუჯაბიძეს და ნატა ნაზღაიძეს, მოსამართლე ქეთევან მესხიშვილთან ერთად, დღეს 11 სასამართლო პროცესი ჰქონდათ ჩანიშნული. ყველა სხდომა მათი არყოფნის გამო, მოსამართლეთა კოლეგიის არასრული შემადგენლობის მიზეზით გადაიდო. 

რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის დღეს განახლების გადაწყვეტილება მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ გუშინდელ სხდომაზე მიიღო. რუსთავი 2-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მოსამართლეს საქმის განხილვის ჩანიშვნა მხარეებისთვის არ შეუთანხმებია. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა 30 მაისს იმის გამო დაიწყეს, რომ მოსამართლეთა კოლეგიას 31 მაისი დაკავებული ჰქონდა. შესაბამისად, ბიბილაშვილის თქმით, პროცესის დღეს ჩანიშვნა მოულოდნელი იყო. 

"მათ უბრალოდ მოსთხოვეს ამ პროცესის მაქსიმალურად სწრაფად დასრულება. წინა სხდომაზე მოსამართლეებმა თავად განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელი იყო 31 მაისი, რადგან სხვა სხდომები ჰქონდათ და არ ეცალათ. შევჯერდით 30 მაისზე. გუშინ კი, მოსამართლე ნაზღაიძემ გამოაცხადა, რომ სხდომა განახლდებოდა დღეს, 31 მაისს, 10:30-ზე. ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მან კონსულტაციები გაიარა თავის კოლეგებთან. არც ჩვენთვის არ უკითხავს. გამოაცხადა თარიღი და დარბაზი დატოვა", - ამბობს ბიბილაშვილი.

კომენტარები