კორცხელის ინციდენტი

წულუკიანი: საქართველოს, როგორც ქვეყნის სახე არ უნდა იყოს წიხლები

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობა ითხოვს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს საარჩევნო უბანზე ძალადობის დასჯის შესახებ კანონპროექტი. ამის შესახებ წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახე არ უნდა იყოს "წიხლები და ჩხუბი". მინისტრის თქმით, მთავრობა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიმართ ერთსულოვანია.

"პრემიერმინისტრის დავალებით შევიმუშავეთ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები. მთავარი სიახლეა კოდექსში შესატანი მუხლის პროექტი, რომელიც სრულიად ახალი მუხლია და სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის საარჩევნო უბანზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგიტაციის ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კამპანიის ადგილას, კამპანიის ღონისძიების ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას ან სხვა სახის ძალადობას ან ამგვარის მუქარას. თუ ქმედებას არ მოჰყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, ჩვენ ვთავაზოთ პარლამენტს, რომ იყოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. თუ მოჰყვა ჯანმრთელობის დაზიანება - თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, ხოლო თუ საქმე გვაქვს ჯგუფურ დანაშაულთან, თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით. ასევე, მკაცრდება ცემის, 125-ე მუხლი, რომელიც მივიჩნიეთ, რომ არის სუსტი და არ აძლევს საშუალებას არც შსს-ს, არც პროკურატურას და არც მოსამართლეს, რომ ამგვარი ქმედებისადმი, უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინოს. სხდომაზე ერთსულოვანი და საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა. ერთსულოვანი იყო ყველა პრემიერის პოლიტიკისადმი, რომ ამგვარი ქმედებები მკაცრად უნდა დაისაჯოს, აღიკვეთოს და საქართველოს, როგორც ქვეყნის სახე არ იყოს წიხლები, ჩხუბი, ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება და ანგარიშსწორება. ჩვენ ეს კულტურა როგორმე ერთად უნდა დავასრულოთ" - თქვა წულუკიანმა და სთხოვა პარლამენტს, დაჩქარებული წესით განიხილოს ეს ცვლილებები, "რადგან მომავალ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და გვაქვს ყველანაირი მობილიზება იმისთვის, რომ ის სამაგალითოდ მშვიდ პირობებში ჩატარდეს".

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პრემიერმინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და მთავრობამ დაამტკიცა. გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებისთვის სანქციების გამკაცრება კორცხელის ინციდენტის შემდეგ მოითხოვა. კორცხელში, საარჩევნო უბანთან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს თავს დაესხნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ცემას გულისხმობს. საქმეზე ამ დრომდე არავინ დასჯილა, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების იდენტიფიცირება ფოტო და ვიდეო მასალიდან შესაძლებელია.

 

კომენტარები