დიდი შვიდეულის სამიტი

კამერონი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ გაუქმდება

AP

იაპონიაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე, წევრი ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ბრიტანეთის გასვლა ევროპული ბლოკიდან მსოფლიო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების ზრდის ტენდენციას შეამცირებს.

დიდ ბრიტანეთში აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება. ბრიტანეთის პრემიერის, დევიდ კამერონის თქმით, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ირკვევა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეთა რიცხვი მოწინააღმდეგეთა რიცხვს აჭარბებს.

ამას გარდა, კამერონის თქმით, დიდი შვიდეულის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ სანამ მინსკის შეთანხმებები სრულად არ შესრულდება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება. ამასთან, დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებენ, უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.

რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს მოქმედების ვადა 31 ივლისს გასდის.

კომენტარები