EBRD

EBRD ქართულ ბიზნესს ლარში ნომინირებულ გრძელვადიან, იაფ სესხს სთავაზობს

მარჯვნივ ბრუნო ბალვანერა (EBRD), მარცხნივ ლევან ყულიჯანიშვილი საქართველოს ბანკი
ტაბულა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და საქართველოს ბანკმა დღეს ხელი მოაწერეს საკრედიტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბანკი მიიღებს $50 მილიონის ეკვივალენტ ფინანსურ რესურსს ლარში, რომელიც ბანკმა შეღავათიანი კრედიტების სახით ბიზნესზე უნდა გასცეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ, ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5-წლიანი) სესხი 2-წლიანი საშეღავათო პერიოდით.

EBRD-ის წარმომადგენელი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა ამბობს, რომ შეღავათიანი კრედიტები მიმართული იქნება იმ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისკენ, რომლებიც ევროპაში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავენ. ბალვანერას თქმით, აღნიშნული ფინანსური რესურსი ლარშია ნომინირებული, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებით სიახლეს წარმოადგენს. ევროკავშირი ლარში გაცემულ სესხებს უსასყიდლოდ სესხის მოცულობის 15%-ს დაამატებს.

"ბიზნესებს, რომლებსაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოთხოვნათა დანერგვა სურთ, ამის გაკეთება უკვე შეეძლებათ შეღავათიანი ფინანსური რესურსის მეშვეობით, რომელსაც ჩვენ გამოვყოფთ. ეს გრძელვადიანი რესურსი კი ლარში არის ნომინირებული და მათ ჩვენ ამ თანხას საქართველოს ბანკის მეშვეობით მივაწვდით. ეს თანხები ინვესტირდება იმ პროექტებში, რაც შემდგომში ქართულ ბიზნესებს ევროპასთან ვაჭრობის გაღრმავების საშუალებას მისცემს. რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამ ფინანსურ რესურსთან ერთად, ევროკავშირი დამატებით გამოყოფს თანხის მოცულობის 15%-ს. ეს ნიშნავს, რომ თუკი კომპანია დახმარების სახით იღებს 1000 ლარს, ის მიიღებს დამატებით 150 ლარს, ანუ მთლიანი დახმარება მისთვის 1150 ლარი იქნება. ამავდროულად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ პროგრამას, რომელიც ქალ მეწარმეებს დაეხმარება. საქართველოში ქალი ბიზნესმენებისთვის კრედიტზე ხელმისაწვდომობა დაბალია. ისინი ბიზნესის მართვისას კრედიტის მიღების დროს აწყდებიან პრობლემებს. ევროკავშირის დახმარებით გამოიყო $10 მილიონის ეკვივალენტი თანხა ლარში, რომელიც ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად იქნება მიმართული", - ამბობს ბრუნო ბალვანერა. 

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ლარში ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსის გაჩენა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს. ქუმსიშვილი ამ პროგრამასთან ერთად დამატებით €19 მილიონი ევროს დახმარებაზეც საუბრობს, რომლის ფარგლებშიც კომპანიები ევროკავშირის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მიიღებენ.

"ამ ხელშეკრულებით საქართველოს ბანკს უკვე EBRD-სგან მიეცემა $50 მილიონის ეკვივალენტი ლარში სესხი და, შესაბამისად, სესხები იქნება გაცემული ლარში იმ კომპანიებზე, რომლებსაც ექნებათ სურვილი, თავიანთი პროდუქცია გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ეს არის ხუთწლიანი სესხი ლარში, აქედან ორწლიანი საშეღავათო პერიოდით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა. დამატებით ევროკავშირი გამოყოფს €19-მილიონევროიან ტექნიკურ დახმარებას, რაც თავის თავში მოიცავს კონსულტაციებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც შეღავათიან სესხებს მიიღებენ", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, 2014-2015 წლებში ლარის გაუფასურების ფონზე, ქვეყნის ეკონომიკისთვის ლარში არსებული საკრედიტო რესურსის გაჩენა მნიშვნელოვანი სიახლეა. 

"ხელშეკრულების ფარგლებში გამოშვებული იქნება 110 მილიონი ლარის ბონდი ეროვნულ ვალუტაში. ამ გარემოებას განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რადგანაც ხელმისაწვდომობა გრძელვადიან ლარში არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარებისათვის და ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდა 2014-2015 წლებში ლარის გაუფასურების ფონზე. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის დედოლარიზაციისთვის. ლარის საფინანსო ბაზრების განვითარება და ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა დედოლარიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაღალი დოლარიზაცია დღეისთვის საფინანსო სექტორის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მთავრობასთან ერთად დაიწყო ნაბიჯების გადადგმა დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი მუშაობა შედეგებს გამოიღებს. რაც შეეხება EBRD-ს, ეს ორგანიზაცია იყო პირველი, რომელმაც ლარში ნომინირებული ბონდები გამოუშვა, ამ ფაქტმა გზა გაუხსნა უკვე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომ მათაც გამოეშვათ ლარში ბონდები. ლარში ბონდები გამოუშვეს აზიის განვითარების ბანკმა, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ. ახლა EBRD ლარში ბონდებს უკვე მესამედ უშვებს და სხვა ორგანიზაციებიც ასევე გეგმავენ ლარში ბონდების გამოშვებას", - ამბობს კობა გვენეტაძე.

კომენტარები