საბანკო ზედამხედველობა

ქუმსიშვილი: შევთანხმდით, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში დარჩება

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

საქართველოს მთავრობა საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნებას გეგმავს, ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

"მე ვთვლი, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ამ წუთში ჩვენ ყველანი ვართ შეთანხმებულები, რომ ფინანსური ზედამხედველობა დარჩება ეროვნულ ბანკში. საფინანსო ზედამხედველობას კვლავ ეროვნული ბანკი განახორციელებს." - ბიზნესკონტაქტთან საუბარში ამბობს ქუმსიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სამსახური თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული კანონის მეშვეობით ეროვნულ ბანკს გასულ წელს გამოეყო. მეჭიაურის ინიციატივას პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. კანონპროექტის გასაპროტესტებლად მსოფლიო ბანკმა (WB), საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილები გაუგზავნეს

გასული წლის 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტმა ვეტო 3 სექტემბერს დაძლია, პრეზიდენტმა კი მეჭიაურის მიერ მიღებულ კანონპროექტს ხელი 10 სექტემბერს მოაწერა. მას შემდეგ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თავისუფალმა დემოკრატებმა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გატანა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. სასამართლოს ვერდიქტი ჯერ არ გამოუტანია.

საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გატანას ეროვნული ბანკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტებიც ეწინააღმდეგებოდნენ. 

კომენტარები