ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოზე კანონპროექტის შესწავლა დაიწყო

ვენეციის კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით გადაგზავნილი კანონპროექტის შესწავლა დაიწყო. ვენეციის კომისიის განცხადებით, მოსაზრება “საკონსტიტუციო სასამართლოს” ორგანულ კანონსა და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონთან დაკავშირებით, გადაუდებლობის გამო, პრეზიდენტის მოთხოვნით 10 დღეში იქნება მზად. კანონპროექტის შესწავლის დაწყების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციამ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსაგან მიიღო.

“ დიდი მადლობა მოთხოვნისთვის, “საკონსტიტუციო სასამართლოს” ორგანულ კანონსა და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ვეცდებით, მოვამზადოთ ჩვენი საჯარო წინასწარი მოსაზრება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონთან და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ყველაზე მჭიდრო ვადაში - 10 დღეში “, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო აწერს.

აღსანიშნავია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას 2016 წლის 20 მაისს გაუგზავნა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 13-14 მაისს მიიღო, პრეზიდენტს ხელმოსაწერად 19 მაისს გაეგზავნა. რეგლამენტის მიხედვით, ხელმოწერისათვის პრეზიდენტს ათდღიანი ვადა აქვს.  

კომენტარები