დავით ნარმანია საკრებულოში

ნარმანია: ოპონენტები გაიპარნენ სხდომიდან, რადგან მძიმე პასუხებს მიიღებდნენ

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის საკრებულოში 4-საათიანი განხილვა დასრულდა. ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

სხდომაზე დავით ნარმანია გააკრიტიკეს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე გაერთიანებული დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებაც. თბილისის მერი ამბობს, რომ დღევანდელმა სხდომამ ის თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტის სისწორეში დაარწმუნა.

"დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. აუცილებლად უნდა განხორციელდეს იმ ფორმით, რაც დაკავშირებულია სწორედ რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნებით განვითარებასთან. გზის პროექტიც უნდა გაგრძელდეს. ამით ქალაქი მხოლოდ მოიგებს და არაფერს წააგებს. დღევანდელი შეკრებით დავასრულეთ ის შოუ, რომლისთვისაც ჩვენი ოპონენტები დიდი ხანი ემზადებოდნენ, მაგრამ მათ მოთმინება არ ეყოთ, სხდომის ბოლომდე დარჩენილიყვნენ. ისინი გაიპარნენ სხდომიდან, რადგან იცოდნენ, რომ კიდევ უფრო მძიმე პასუხებს მიიღებდნენ ჩვენგან იმ კითხვებზე, რომლებსაც ისინი სვამდნენ“,- აღნიშნა ნარმანიამ

სხდომის მიმდინარეობისას ერთიანი ნაციონაური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ დავით ნარმანიას მიმართა და აღნიშნა, რომ მერიამ 1300 ხე მხოლოდ იმიტომ მოჭრა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელ გზაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ახირება შეესრულებინა.

"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს ოთახში გვესწრება ბევრი ე.წ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მათ შორის ქართული ოცნების ცენტრალური ოფისიდან. როგორც ჩანს, საკითხმა მნიშვნელოვნად შეაწუხა ბატონი ივანიშვილი. დღევანდელი დღე ერთი დიდი სპექტაკლია, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად დადგმული სპექტაკლი. იმიტომ, რომ ამდენი ხანი ტრიბუნასთან დგომის განმავლობაში არცერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაგიციათ, რომელიც ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება. გასაოცარია, ბატონო დავით, თქვენ მილიონი ხის დრამის ავტორი ბრძანდებით და 1300 ხეს ჭრით კრწანისი-შინდისის გზაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ადამიანის ახირება შეასრულოთ და მას საკუთრებაში გადასცეთ ის ტერიტორია, სადაც უკვე ხეებიც მოჭრილი გქონდათ და გზის გაყვანაც დაწყებული იყო“,- ამბობს აბესაძე.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ ამომრჩეველმა ნარმანიას თბილისი, მოსავლელად იმ იმედით ანდო, რომ მათთან ერთად გაიზიარებდა წარმატებასაც და წარუმატებლობასაც.

"თქვენ პირდაპირი წესით არჩეული მერი ხართ და ვწუხვარ, რომ როდესაც თავს არიდებთ თქვენს ამომრჩეველთან დიალოგს, ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ - თქვენ ეს გავიწყდებათ“,- თქვა სამნიძემ.

კომენტარები