დავით ნარმანია საკრებულოში

უმცირესობის შეფასებით, დავით ნარმანიამ ყველა კრიტიკულ კითხვას თავი აარიდა

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საკრებულოში ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დეპუტატთა კითხვებს პასუხობდა. საკრებულოს წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აინტერესებდათ, როგორ შეიცვალა საკრებულოსა და კულტურის სამინისტროს გვერდის ავლით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ბოტანიკური ბაღის ტერიტორია. ასევე, როგორ მოხდა ბაღის მიმდებარედ არსებული 297 ათასი კვადრატული მეტრის საჯარო აუქციონზე გატანა და მისი შემჭიდროვებულ ვადებში გაყიდვა.

დავით ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღის მიწების გაცვლა ყველა მხარისთვის მომგებიანი იყო, რადგან ბაღმა ქვა-ღორღიან მიწებზე უარის თქმით, გაცილებით უკეთესი ლანდშაფტის მქონე მიწა შეიძინა. საკრებულოში დავით ნარმანიას ჰკითხეს, იცოდა თუ არა, რომ ამ მიწის შესყიდვით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული. პასუხად მერმა თქვა, რომ მისთვის აუქციონის დასრულებამდე უცნობი იყო, ვინ გახდებოდა ამ მიწის მფლობელი. მერის თქმით, გაყიდული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაა, თუმცა, ის მოქალაქეთათვის ღია იქნება.

დღესვე გაირკვა, რომ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გასხვისებული მიწის ნაკვეთის დაბალი ფასი - კვადრატულ მეტრზე 22 ლარი - გამოწვეული იყო იმით, რომ მერია ამ მიწის გაყიდვას შემჭიდროვებულ ვადებში გეგმავდა. უმცირესობის შეფასებით, მერიამ აუქციონის მოკლე ვადებში ჩატარებით ბიუჯეტს ზარალი მიაყენა. კითხვას, თუ რატომ ჩატარდა აუქციონი ასეთ მოკლე ვადებში და რას ფიქრობს მერი აუდიტორულ დასკვნაზე, დავით ნარმანია პასუხობს, რომ აუდიტორული დასკვნა საერთაშორისო სტანდარტებით ავტორიტეტული კომპანიის მონაწილეობით დაიწერა.

მერის სამსაათიანი მოსმენა უარყოფითად შეაფასეს ოპოზიციისა და უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი პარტიის, რესპუბლიკელების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, დღევანდელ სხდომაზე მერი წინა ხელისუფლების მმართველობის შესახებ უფრო ბევრს საუბრობდა, ვიდრე დღევანდელი მერიის მიღწევებსა და გამოწვევებზე.

ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარისა და მის მიმდებარედ დამატებით 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდია. ფონდი იქ 20 ათას კვადრატულ მეტრზე მინიმუმ 80-ნომრიანი სასტუმროსა და თბილისში ყველაზე დიდი გოლფ კლუბის მოწყობას გეგმავს. ივანიშვილის ფონდი ასევე გამოდის წინადადებით, რომ თუ რომელიმე კომპანია წარადგენს ამ ტერიტორიის განვითარების უკეთეს ხედვას, ფონდი მზადაა, მიწის ნაკვეთი სრულად დათმოს.

კომენტარები